ახალი ამბები

დეპუტატებისთვის მანდატის შეჩერება ასუსტებს პარლამენტს – NGO-ები

10 თებერვალი, 2022 • 1031
დეპუტატებისთვის მანდატის შეჩერება ასუსტებს პარლამენტს – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან პარლამენტში საპროცედურო კომიტეტის მიერ ოთხი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მხარდაჭერას და ამბობენ, რომ ეს პროცესი ასუსტებს პარლამენტს.

საუბარია 4 დეპუტატზე – შალვა ნათელაშვილზე, ელენე ხოშტარიაზე, ბადრი ჯაფარიძესა და კახა კუჭავაზე. მათ შორის ერთი – ბადრი ჯაფარიძე ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარეა.

„ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს პარლამენტმა მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და ხანდაზმული მუხლით ჯაფარიძის მიმართ სადავო გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

საკითხი საბოლოოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გადაწყდეს. იმის გამო, რომ პარტიამ „ლელო – საქართველოსთვის“ პარტიული სიები ჩახსნა, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მას არავინ ჩაანაცვლებს და ამრიგად, პარტიას ერთი დეპუტატით ნაკლები ეყოლება პარლამენტში.

ოპოზიციონერი დეპუტატისთვის აღნიშნული მიზეზით უფლებამოსილების შეწყვეტას არ გააჩნია მყარი სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრს ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს წყვეტს საქართველოს პარლამენტი. ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯაფარიძისგან განსხვავებით, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის დეპუტატის მანდატის გაუქმების საფუძვლად განიხილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლი, რაც ითვალისწინებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო.

„აღსანიშნავია, რომ ამ საფუძვლით ნათელაშვილისა და ხოშტარიას შემთხვევაში უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე პარლამენტმა პლენარული კენჭისყრისას უარი ერთხელ უკვე განაცხადა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინა კენჭისყრისგან განსხვავებით, ამ დროისთვის შალვა ნათელაშვილს საჯაროდ გაცხადებული აქვს, რომ განიხილავს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას. მიუხედავად იმისა, რომ ნათელაშვილს ბოიკოტის გამოცხადებისთვის პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლით დადგენილი პროცედურები არ გაუვლია, მისი საჯარო განცხადებები პარლამენტში არშესვლის შესახებ შეიძლება ჩაითვალოს ბოიკოტის გამოცხადებად, როგორც ბოიკოტის ეკვივალენტური,“ – დასძენენ ორგანიზაციები.

 

“საპარლამენტო რესპუბლიკაში საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებისას ოპოზიციის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში საპარლამენტო კონტროლი კრიტიკის საგანს წარმოადგენდა. საქართველოს კონსტიტუციასა და პარლამენტის რეგლამენტში ოპოზიციისთვის გარკვეული უფლებების მინიჭება მაინც არ აძლევს საშუალებას ოპოზიციურ პარტიებს, სრულყოფილი ზედამხედველობა აწარმოონ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტი კონტროლის თვალსაზრისით არაეფექტურობით გამოირჩეოდა, მათ შორის, პანდემიის მართვის მიმართულებითაც.

ოპოზიციური პარტიების თავდაპირველი ბოიკოტი კიდევ უფრო ასუსტებდა საკანონმდებლო ორგანოს და აღრმავებდა პოლიტიკურ კრიზისს. მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა და საპარლამენტო კონტროლის კონკრეტული ინიციატივებითაც გამოვიდნენ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისათვის უფლებამოსილების უკანონოდ, ვადაზე ადრე შეწყვეტა საგანგაშო ნიშანია, რომლის მიზანი შესაძლოა, ოპოზიციის დასუსტება და შედეგად, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის არასრულფასოვნად განხორციელება იყოს. ჩნდება ეჭვი, რომ ფრაქციის „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის განზრახვა ასევე უკავშირდება ფრაქციის გააქტიურებას ანტიკორუფციული მიმართულებით და საქართველოში ელიტური კორუფციის დამდგენი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად,“.

ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტას და საკითხი გადაწყვიტოს ქვეყნის ინტერესებიდან და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.

„ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაიწყოს მსჯელობა პარტიების მიერ ე.წ. ჩახსნილი სიების აღდგენის შესაძლებლობაზე, რაც პოლიტიკური კრიზისის თავიდან არიდებას დაეხმარება. არსებული რეალობაც აჩვენებს, რომ სიების ჩახსნის პრაქტიკა პრობლემურია და პარლამენტში მანდატების გაუქმების, 150-წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს რაოდენობრივი შემცირების და მისი არაქმედუნარიანობის საფრთხეს ქმნის“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TI); „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED);

სრულად განცხადება წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი