ახალი ამბები

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება იწყება

10 თებერვალი, 2022 • 4903
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება იწყება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის ძალები იწყებს 18-დან 36 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეების მიღებას საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე სატელეფონო ცხელი ხაზის დახმარებით. ამასთან, მსურველებს აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ იუსტიციის სახლებს, სადაც რეგისტრაცია პირადობის მოწმობის საფუძველზე მოხდება. თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ რეგისტრაციის შემდეგ პირები 8- კვირიან სამხედრო მომზადებას გაივლიან, რა დროსაც 500 ლარის ოდენობით ხელფასს მიიღებენ, რის შემდეგაც ჩაირიცხებიან თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში რეგიონული პრინციპით და ანაზღაურებაც გაეზრდებათ.

როგორც გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოთხწლიანი სამხედრო სამსახურის განმავლობაში სამხედროებს შეეძლებათ კარიერული და პროფესიული კურსების გავლა, რომელიც შრომით ბაზარზე კონკურენტულ გახდის სამოქალაქო სექტორშიც. ამასთან, გენერალური შტაბის უფროსის თქმით, საკონტრაქტო სამსახურში დასაქმებულებს შეეძლებათ უცხო ენის კურსები გაიარონ როგორც საქართველოში, ასევე ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ტატუნაშვილი აღნიშნავს, რომ თუ სამხედრო მოსამსახურეები პირველი ოთხწლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ გააგრძელებენ საქმიანობას თავდაცვის ძალებში, ყოველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ 7 000 ლარის ოდენობის ბონუსს მიიღებენ, რომლის გაზრდაც, გენერლის თქმით, მიმდინარე წელს იგეგმება:

„ჩვენ ვთავაზობთ შესაბამის სახელფასო ანაზღაურებას, რომელიც გაიზარდა მიმდინარე წელს 20%-ით- დაბალი სამხედრო წოდების სამხედრო მოსამსახურეებისათვის, ხოლო 10%-ით- მაღალი სამხედრო წოდების მოსამსახურეებისთვის. ასევე დაგეგმილია მისი გაზრდა მიმდინარე წლის განმავლობაში. სამხედრო მოსამსახურეებს, საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შემთხვევაში,- როგორც მათ, ასევე მათი ოჯახის წევრებს,- საშუალება აქვთ სახელმწიფოს 50%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლონ. ასევე, მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში მიიღონ 750- ლარიანი სტიპენდია სემესტრულად“, – ამბობს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე.

ამასთან, გენშტაბის უფროსი აღნიშნავს, რომ თუ სამხედროს ოთხი ან მეტი შვილი ჰყავს, დამატებითი ანაზღაურება ეძლევა. შვილის შეძენის დროს კი 1000- ლარიან ბონუსს იღებს:

„აქვთ საუკეთესო სადაზღვევო პაკეტი, საუკეთესო კვება, საუკეთესო ინფრასტრუქტურა, ნატოს სტანდარტის შეიარაღება და აღჭურვილობა. სპორტული დარბაზები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედროების ფიზიკური და მორალური ფორმაში ყოფნისთვის. რაც შეეხება საბინაო პოლიტიკას, გარკვეული სამსახურის შემდგომ სერჟანტთა შემადგენლობას საშუალება აქვს, სახელმწიფოს 50%-იანი თანადაფინანსებით მიიღონ საცხოვრებელი ბინა. ასევე, ოფიცერთა შემადგენლობას. მაიორის და მაღალ წოდებაში მყოფებს სახელმწიფოსგან შეუძლიათ მიიღონ 50%-იანი თანადაფინანსებით ასევე საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა“, – ამბობს გენერალი ტატუნაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი