რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ურთიერთობები რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ასე გაუარესებული, როგორც დღესაა, მრავალი წლის მანძილზე არ ყოფილა.

მან ეს განცხადება ბრიტანელ კოლეგასთან, ელიზაბეტ ტრასთან შეხვედრისას გააკეთა.

„ბორის ჯონსონის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ თქვენ და თქვენი კოლეგა, თავდაცვის მდივანი, რუსეთში გაემგზავრებოდით, რათა გაგეუმჯობესებინათ ურთიერთობები. თუ ნამდვილად ესაა ჩვენი ბრიტანელი კოლეგების მიზანი, მაშინ ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ, რადგან არ შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ იმ ურთიერთობით, რომელმაც, შესაძლოა, ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია მრავალი წლის განმავლობაში”, – განაცხადა ლავროვმა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ბრიტანელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ სერგეი ლავროვმა მას განუცხადა, რომ რუსეთს არ აქვს რაიმე გეგმა უკრაინის დასაპყრობად, თუმცა ბრიტანეთს სჭირდება მოქმედებები, რომელიც ამ სიტყვებს უნდა მოჰყვებოდეს.

„ჩვენ გვინდა ვნახოთ, რომ ამ სიტყვებს მოქმედებები მოჰყვება. გვინდა ვნახოთ, რომ ძალები, რომლებიც განლაგებულია უკრაინის საზღვართან, სხვაგან გადაინაცვლებს, რადგან მათი იქ ყოფნა ძალიან დიდი ხიფათის შემცველია.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები მზად არიან [მოვლენების] ყველა მოსალოდნელი განვითარებისთვის. ამიტომაც ვაწვდით უკრაინას თავდაცვით შეიარაღებას… ამიტომაც შემოვიღეთ უფრო მკაცრი კანონმდებლობა სანქციების შესახებ. ამგვარად, ჩვენ მზად ვართ [რუსეთის] შეჭრის შემთვევაში.

ჩემი მოსკოვში ყოფნის მიზეზი არის ამ შედეგის თავიდან აცილება, მაგრამ ეს არ შეიძლება მიიღწეს უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფით, ან ნატოს ღია კარის პოლიტიკის გადახედვით“, – განაცხადა ტრასმა.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვა უკრაინის კრიზისს უკავშირდება.

ოფიციალურმა ლონდონმა კიევს მხარი ღიად დაუჭირა და სამხედრო დახმარება არაერთხელ გაუგზავნა.

გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და უკრაინა ახალ ალაინსს შექმნიან.