საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, ასეთ შემთხვევაში კი ორივემ, ნატომ და ევროკავშირმა უკრაინას უნდა დაუჭიროს მხარი.
კვლევის შედეგებს TheGuardian ავრცელებს.
„უკრაინის საკითხის შესახებ მსჯელობისას ევროპას ხატავდნენ, როგორც დაყოფილს, სუსტსა და ინერტულს, თუმცა ევროპელი მოქალაქეები გაერთიანებულნი არიან: ისინი თანხმდებიან, რომ პუტინმა შეიძლება მიმართოს სამხედრო აგრესიას და ევროპამ, თავის ნატოელ პარტნიორებთან ერთად, უნდა უზრუნველყოს დახმარება უკრაინისათვის“, – განაცხადა მარკ ლეონარდმა, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს დირექტორმა.
კვლევა ევროპის შვიდ ქვეყანაში ჩატარდა, მათ შორის, პოლონეთში, რუმინეთში, შვედეთში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და ფინეთში.
კვლევის ავტორების თანახმად, კლიშე,თითქოს ევროპელებს სწამთ, რომ ომზე ფიქრიც კი არ შეიძლება, აღარ შეესაბამება სიმართლეს. „ისინი სამყაროს აღიქვამენ არა როგორც ომის შემდგომ, არამედ ომამდელ მდგომარეობაში“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
კვლევის თანახმად, პოლონელების 73 პროცენტს სჯერა, რომ მოსალოდნელია, რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, რუმინეთში ეს მაჩვენებელი 64 პროცენტია, შვედეთში – 55 პროცენტი, გერმანიასა და იტალიაში – 52 პროცენტი, საფრანგეთში – 51 პროცენტი, ხოლო ფინეთში – 44 პროცენტი.
გამოკითხულთა 62 პროცენტს მიაჩნია, რომ აგრესიის შემთხვევაში ნატომ უნდა დაიცვას უკრაინა. ასევე, 60 პროცენტი თვლის, რომ აგრესიის შემთხვევაში უკრაინას ევროკავშირიც უნდა დაეხმაროს.
კვლევის შედეგების მიხედვით, ყველაზე მეტად პოლონელები ფიქრობენ, რომ კონკრეტულად მათმა ქვეყანამ უნდა დაიცვას უკრაინა. ასე ფიქრობს გამოკითხული პოლონელების 65 პროცენტი. შვედეთსა და საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 43 პროცენტია, იტალიაში – 41 პროცენტი, რუმინეთში – 40 პროცენტი, გერმანიაში – 37 პროცენტი, ხოლო ფინეთში ყველაზე ცოტა – 21 პროცენტი.
კვლევა იანვრის ბოლოს, უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე კრიზისის პარალელურად ჩატარდა.