ახალი ამბები

„უნდა ითამაშო წესებით და არა წესებთან“ — ჰარცელი მიშელის შეთანხმების შესრულებაზე 

9 თებერვალი, 2022 • 775
„უნდა ითამაშო წესებით და არა წესებთან“ — ჰარცელი მიშელის შეთანხმების შესრულებაზე 

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები ბოლომდე არ იქნა შესრულებული.

როგორც კარლ ჰარცელმა თქვა, შარლ მიშელის სახელით ცნობილი დოკუმენტი „მომავლის გზა საქართველოსთვის“ არის ხედვა და მოიცავს რეფორმებს და პოლიტიკურ ცვლილებებს, რაც საქართველოს სჭირდება მმართველობის გაუმჯობესებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით წინსვლისკენ.

„ეს რეფორმები ეხება არჩევნების ხარისხს და სტანდარტს არჩევნების, კანონის უზენაესობას და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების კულტურას, რაც ფუნდამენტურია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. დღეს, როგორც არასდროს, აქტუალურია, რომ დავძლიოთ ეს გამოწვევები. ჩვენ ამჟამად რეალურ საფრთხეს ვაწყდებით ევროპული უსაფრთხოების მიმართ, რომელიც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენმა პარტნიორებმა უშუალოდ უზრუნველყონ ქვეყნის შიგნით დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და მშენებლობა. დემოკრატია არ არის ფუფუნება, რომელიც მხოლოდ მშვიდობის დროს უნდა იქნას დაცული. 19 აპრილის შეთანხმება იმაზე მეტი იყო, ვიდრე უშუალოდ იმ მომენტში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა. ეს ეხებოდა შემდგომი ევროინტეგრაციის და ევროპული მისწრაფების გაძლიერებას და იყო დადებითი სიგნალი საქართველოს სტრატეგიულ არჩევანთან დაკავშირებით ევროპულ დემოკრატიულ ოჯახში გაწევრიანებაზე. ეს საგზაო რუკა ჯერ კიდევ მაგიდაზეა საქართველოს ხელისუფლებისთვის და ეს ასევე მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის, რომ კონსტრუქციულად და აქტიურად იმუშაოს“, — განაცხადა კარლ ჰარცელმა შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციაზე.

ჰარცელის თქმით, შეთანხმების ხელმოწერიდან ძალიან მალე პოლიტიკურ ლანდშაფტში მისი შესრულების სულისკვეთება მინელდა.

„ბევრი წლის წინ ხავიერ სოლანასთან ვმუშაობდი. მისი საყვარელი გამოთქმა იყო, რომ თქვენ უნდა ითამაშოთ წესების მიხედვით და არა — წესებთან“, — თქვა მან.

ევროკავშირის ელჩის თქმით, 19 აპრილის შეთანხმება წარმოადგენს გზამკველვს დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის სვლისკენ და ახლა უნდა ვცადოთ ნდობის ხელახლა დამკვიდრება.

„მე არ ვიტყვი, რომ 19 აპრილის შეთანხმება არის ერთადერთი გზა საქართველოსთვის, რომ წინ წავიდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით, მაგრამ ის გვთავაზობს ამის გაკეთების ერთ საიმედო გზას და თუ არა ამ გზით, მაშინ რომელი გზით? უნდა დავსვათ ეს შეკითხვა“, — განაცხადა ჰარცელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი ყველა პოლიტიკური მხარის მიერ იყო მიწვეული, როგორც ფასილიტატორი და მედიატორი პროცესში და მას არ აქვს პასუხი კითხვაზე, მომავალში, ასეთი საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთვება თუ არა მიშელი ხელახალ მედიაციაში.

„კიდევ რომ იყოს საჭირო მსგავსი ღონისძიების განხორციელება, უნდა მქონდეს თუ არა მოლოდინი?  მე სუნთქვაშეკრული ვიქნები, როგორ შევძლებთ დავარწმუნოთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომ კიდევ ერთხელ მოირგოს მედიატორის როლი. ეს არის შეკითხვა, რომელზეც მე პასუხი არ მაქვს“, — განაცხადა ჰარცელმა.

ჰარცელი ამბობს, რომ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, რომელიც საარჩევნო ბარიერის დაწევას გულისხმობს, კვლავ დღის წესრიგში დგას. ასევე, იმედოვნებს სასამართლო რეფორმის გატარებას.

„ევროკავშირი ყოველთვის იქნება საქართველოს მხარეს, ჩვენ ხელს არ ჩავიქნევთ და არ დავიღლებით, მაგრამ კონსოლიდაცია უშულოდ ქვეყნის შიგნით უნდა მოხდეს”, — დასძინა ევროკავშირის ელჩმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მედიაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პირადად ჩაერთო და 2021 წლის 19 აპრილს შედგა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას, რის შედეგადაც ნიკა მელია და გიორგი რურუა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდნენ. შეთანხმება ითვალისწინებდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა. გარდა ამისა, დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების ჩატარების ვალდებულებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას.

19 აპრილის შეთანხმება, გარდა იმისა, რომ შიდაპოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ემსახურება, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განხილულია როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განსახორციელებელი რეფორმების გზამკვლევი.

2021 წლის 23 ივლის „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ განაცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობა“ კი  ამის შემდეგ შეუერთდ ადოკუმენტს.

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

 

მასალების გადაბეჭდვის წესი