გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ნატოს წევრი ქვეყნების მიზანი უკრაინაში ომის თავიდან აცილებაა.
მან ეს განცხადება გერმანიაში საფრანგეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან უკრაინის კრიზისის შესახებ გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა მიუღებელია და ამას ექნება შორს მიმავალი შედეგები, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და, რა თქმა უნდა, გეოსტრატეგიულადაც“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
„ლიდერები (საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის) მოუწოდებენ რუსეთს უკრაინის საზღვართან სიტუაციის დეესკალაციისკენ და ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების შესახებ დიალოგში ჩართვისკენ“, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, სამი ქვეყნის ლიდერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ნებისმიერ შესაძლო სამხედრო აგრესიას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ექნება მძიმე შედეგები და ფასი.
მაკრონის, დუდასა და შოლცის შეხვედრამდე ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი, სადაც უკრაინის ირგვლივ შექმნილი კრიზისის შესახებ ისაუბრეს.
მაკრონმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პუტინმა იგი დაარწმუნა, რომ მას აქვს სურვილი, შეინარჩუნოს სტაბილურობა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.
მოგვიანებით, მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიესალმება დეესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ დასძინა, რომ „სიტყვებს არ ენდობა“.
ფოტო გარეკანზე: Reuters