ახალი ამბებიეკონომიკა

იანვარში ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი 43 %-ით გაიზარდა

8 თებერვალი, 2022 •
იანვარში ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი 43 %-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თანახმად, მიმდინარე წლის იანვარში, ქართული ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 21,8 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალი, რაც 35%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5,3 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ქართული ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს; ექსპორტით მიღებულია 11,6 მლნ აშშ დოლარი, ზრდამ 43%-ს მიაღწია.

„ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია სტრატეგიულ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს: პოლონეთი 103% (502986 ბოთლი), ჩინეთი 514% (278493), ლიეტუვა 114% (117588), აშშ 245% (79890), ლატვია 22% (92892), ესტონეთი 102% (64344), იაპონია 482% (17280) და დიდი ბრიტანეთი 35% (42528).

ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებშიც: უკრაინა 93% (574566), ყაზახეთი 106% (99672), ჰოლანდია 74% (18270), შვედეთი 234% (19590), რუსეთი 34% (3204979), მონღოლეთი 23% (40884) და სხვა.

საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 123-მა კომპანიამ განახორციელა“, – ნათქვამია ღვინის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი