ახალი ამბები

ინსპექტორის თქმით, საქმის მასალების გასაჯაროებისთვის მხოლოდ სააკაშვილის თანხმობა არ კმარა

7 თებერვალი, 2022 • 1321
ინსპექტორის თქმით, საქმის მასალების გასაჯაროებისთვის მხოლოდ სააკაშვილის თანხმობა არ კმარა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ყველა ვიდეოკადრი და შუალედური დასკვნა გამოძიებასთან დაკავშირებით.

„მგონი, გესმით, რომ ამის შემდეგ არცერთი სახელმწიფო ორგანო აღარ ითანამშრომლებს — ვერ შედგება ვერც ექსპერტიზა და ვერც დამატებით კადრებს ვეღარ მიიღებთ, რაზეც უკვე ხმამაღლა განაცხადა სუს-ის მივლენილმა პირმა. თქვენი ვალდებულებაა სიმართლისა და ისტორიის წინაშე, გააცნოთ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას ის, რაც ხელთ გაქვთ, მაგრამ ყოველი დღის გასვლის შემდეგ,ეს შესაძლებლობა გიმცირდებათ“, — აცხადებს სააკაშვილი.

ის დარწმუნებულია, რომ შესაბამისი ორგანოები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებთან.

„ქალბატონო ლონდა, მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ მეც და თქვენც ახლა საერთო მოკავშირე გვყავს — ქართული საზოგადოება, რომელსაც თქვენ მიმართ დიდი სიმპათია გაუჩნდა. თქვენც, მეც და საზოგადოებაც დაინტერესებული ვართ სიმართლის დადგენით და ნუ გავუცრუებთ მათ იმედს“, — მიმართავს სააკაშვილი ლონდა თოლორაიას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თქმით, გამოძიების დასრულებამდე სისხლის სამართლის საქმის მასალებისა (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სამსახურს არ აქვს მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების ავთენტურობის დამადასტურებელი დასკვნები.

„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი (რასაც სამსახური პატივს სცემს), საგამოძიებო ორგანო უპირველეს ყოვლისა ხელმძღვანელობს კანონით. სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არის სამართლებრივი პროცესი. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოს ქმედება უნდა იყოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისი“, — აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

უწყებაში მიუთითებენ, რომ მესამე პრეზიდენტის ადვოკატებისთვის (რომლებსაც გამომძიებელი აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და აქვთ საგამოძიებო ორგანოსთან შეფერხების გარეშე კომუნიკაციისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა) ცნობილია, რომ მხოლოდ მათი თანხმობა ან/და სურვილი ვერ გახდება საქმის მასალების გასაჯაროების საფუძველი.

„მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უფლებებს, უსაფრთხოებას და ეს არ იქნება გამოძიების შემაფერხებელი.
სამსახური აქტიურ კოორდინაციაში რჩება ადვოკატებთან და გააგრძელებს მათთვის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას“, — აცხადებს ინსპექტორის სამსახური.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტს, რომელიც რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში სააკაშილის გადაყვანის ეპიზოდს უკავშირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი