ახალი ამბები

„ანტისაოკუპაციო საბჭო“ დაფუძნდა

7 თებერვალი, 2022 • 1284
„ანტისაოკუპაციო საბჭო“ დაფუძნდა

ოპოზიციურმა პარტიებმა სოფელ კირბალში „ანტისაოკუპაციო საბჭო“ დააფუძნეს. „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიები ერთიანდებიან, რათა ოკუპაციის პროცესი შეაფერხონ.

„დღეს ჩვენი ქვეყანა ახალი ოკუპაციის და შესაძლოა გარკვეული ტერიტორიების ანექსიის [საფრთხის] ქვეშ დგას. ეს საფრთხე აბსოლუტურად რეალურია, მაგრამ დღეს რატომღაც ეს საკითხი არ არის პოლიტიკურ ველზე პირველხარისხოვანი. ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება დგება ერთად ამ საფრთხეების წინაშე და ერთიანდება, რათა შეაფერხოს ეს პროცესი“ ,- ამბობს დავით ქაცარავა.

როგორც პარტია ლელოს წევრი ლანა გალდავა აცხადებს, საბჭო იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებს წინა პლანზე წამოწევს.

ფორმატს უერთდება პარტია „დროაც“. ელენე ხოშტარიას თქმით, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების ქვეშ მოექცეს ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რომლის წინაშეც ეს ადამიანები დგანან:

„ჩვენი ვალია, რომ ეს მოვლენები: ჰუმანიტარული კატასტროფა, ჩვენი მიწების მიტაცება, სისასტიკე, წამება და ა.შ. იყოს საერთაშორისო ყურადღების ნაწილი. სოფელ-სოფელ და სისტემურად, ამ ხალხის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება იქნება ჩვენი ამოცანა“ ,- ამბობს ხოშტარია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის თქმით კი, საბჭოს მიზანი იქნება გზების ძიება ქვეყნის ოკუპაციისგან მშვიდობიანად გათავისუფლებისთვის:

„რაც შეგვიძლია, ვაიძულოთ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ატარებს არა არგაღიზიანების, არამედ კოლაბორაციონალისტურ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით. ეს ოკუპაცია ერთად უნდა დავასრულოთ და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მშვიდობიანად გავათავისუფლოთ ოკუპაციისგან“, – ამბობს გიორგი ბარამიძე.


„ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებლმა, დავით ქაცარავამ 19 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსი სამხედროები სოფელ კირბალში გამოჩნდნენ. თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებდა ადგილზე უკანონო ბორდერიზაციის ახალ ფაქტებს.

“ნახევარ სასაფლაოს ართმევენ კირბალელებს. ჩვენ მალე ვიქნებით იქ. საოკუპაციო რეჟიმი ახალი გეგმის მიხედვით მოქმედებს. ჩვენი ხელისუფლება როგორ მოქმედებს?” — წერდა ის “ფეისბუკზე” და გამოაქვეყნა ვიდეოც, რომელშიც მინიმუმ 3 პირის გადაადგილება ჩანდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი