ნეტგაზეთი | “ვერ წაშლი”– ოკუპაციის დღე “ვერ წაშლი”– ოკუპაციის დღე – Netgazeti
RU | GE  

“ვერ წაშლი”– ოკუპაციის დღე

დღეს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღეა.

1921 წლის 16 თებერვალს წითელი არმიის ნაწილებმა წითელი ხიდის მეშვეობით საქართველოს სამხრეთ საზღვარი გადმოლახეს და სოფელი შულავერი დაიკავეს. თბილისის მისადგომებთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. 24 თებერვალს ნოე ჟორდანიას მთავრობა ქუთაისში გადავიდა. ტაბახმელას დაცვას იუნკერები განაგრძობდნენ, 25 თებერვალს მე-11 არმიის ნაწილები თბილისში შევიდნენ. ქალაქში ქართული რევოლუციური კომიტეტი ჩამოვიდა, რომელიც იმავე დღეს სახალხო კომისრების საბჭოდ გადაკეთდა. საქართველოს მთავრობა და სადამფუძნებლო კრების წევრები ემიგრაციაში წავიდნენ. საქართველომ დაკარგა ეროვნული სუვერენიტეტი.

ქვეყნის მასშტაბით ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სახელწოდებით ,,ვერ წაშლი”  დაიწყო.

დილით ნატოს საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებმა პარლამენტის ეზოში იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში მდებარე წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში ოკუპაციის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

,,კოალიცია მშვიდობისათვის” წევრები პუშკინის სკვერში  ომის ამსახველი ფოტომასალის გამოფენა გამართეს, ხოლო  დღის სამ საათზე გმირთა მოედანზე აქცია. აქციის მონაწილეები რუსეთის ყოფილ საელჩოსთან გადაინაცვლებენ, სადაც იგეგმება მდუმარე აქციის გამართვა რუსული აგრესიის შესახებ.

სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” კი საქართველო-რუსეთის ორასწლოვანი კონფლიქტის შესახებ სპეციალურად მომზადებული ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართა და კონფერენცია გაიხსნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დათო ყანჩაშვილი