ახალი ამბები

„ლელოს“ და „დროას“ წევრები უკრაინაში შეხვედრებს მართავენ

3 თებერვალი, 2022 •
„ლელოს“ და „დროას“ წევრები უკრაინაში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინაში შეხვედრებს მართავენ. ამ დროისათვის კიევში იმყოფებიან „დროას“ და „ლელოს“ წევრები.

„ლელოს“ დელეგაციაში შედიან: მამუკა ხაზარაძე, სალომე სამადაშვილი, გრიგოლ გეგელია და თამარ ბელქანია, რომლებმაც დღეს კიევში უკრაინელ ჯარისკაცთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ისინი უკვე შეხვდნენ უკრაინის უმაღლესი რადას წევრებს და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„უკრაინის უმაღლეს რადაში შევხვდით საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს! ბედნიერი ვარ, დღეს რადაში ხელახლა აფრიალდა ქართული დროშა და ითქვა ნამდვილი ქართული სოლიდარობის სიტყვა! “, – წერს „ფეისბუქზე“ გრიგოლ გეგელია, რომელიც „ლელოს“ დელეგაციის შემადგენლობაშია.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2022/02/Untitled-design-8.jpg
ლელოს” ლიდერებმა უკრაინის რადაში, ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, საქართველოს ეროვნული დროშა აღმართეს. ეს იყო თანადგომის და სოლიდარობის პოლიტიკური აქტი.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2022/02/Untitled-design-9.jpg
„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე უკრაინის უმაღლესი რადას წევრებთან შეხვედრისას

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2022/02/Untitled-design-10.jpg
„ლელოს“ დელეგაციის შეხვედრა უკრაინის უმაღლესი რადას წევრებთან

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2022/02/Untitled-design-11.jpg
„ლელოს“ წევრები: სალომე სამადაშვილი, მამუკა ხაზარაძე და გრიგოლ გეგელია

საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერილი დროშები ჩაიტანეს დროას წერვებმა კიევში. „დროას“ დელეგაციაში არიან: ელენე ხოშტარია, ბათუ ქუთელია, გიგა ლემონჯავა და ანასტასია მგალობლიშვილი.

“დროას” დელეგაცია უკრაინაში შეხვდა ალექსი გონჩარენკოს, რადაში ევროპის სოლიდარობის პარტიის დეპუტატს.

ასევე, პარტიის წევრებმა კიევში შეხვედრა გამართეს ჰანა ჰოპკოსა და მისი არასამთავრობო ორგანიზაციის (ANTS Мережа захисту національних інтересів «А Н Т С» ) წარმომადგენლებთან. მათი თქმით, შეხვედრაზე განიხილებოდა საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარი გამოწვევები.

„საუბარი შეეხო იმასაც, თუ როგორ, რა ფორმით შეიძლება თანამშრომლობა და მუშაობა ორგანიზაციებს შორის, პროდასავლური ინტერესების გასატარებლად. აქვე გეტყვით, რომ ჰანა ჰოპკო Hanna Hopko უკრაინის რადას საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და ევრომაიდნის პროცესების ერთ-ერთი ლიდერია. ამჟამად ANTS-ის თავმჯდომარეა, ორგანიზაციის, რომლის მისია უკრაინის თანამედროვე და ძლიერ ევროპულ ქვეყნად გადაქცევაა. როგორც ხედავთ, შეხვედრა თქვენი მხარდამჭერი წარწერებით სავსე დროშებთან გადაღებული ფოტოებით დასრულდა“, – წერენ პარტიის წევრები შეხვედრის შემდეგ.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2022/02/Untitled-design-12.jpg
დროას“ დელეგაციის შეხვედრა ჰანა ჰოპკოსა და მისი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან

უკრაინაში დღეს ჩავლენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც.

მიუხედავად იმისა, რომ სამივე ოპოზიციური პარტია უკრაინაში ცალ-ცალკე მიემგზავრება და ეს მათი ერთობლივი ვიზიტი არაა, შესაძლოა, კიევში ერთობლივი შეხვედრებიც გამართონ.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, უკრაინის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილი პოზიციის ფონზე, მათი ვიზიტი  და ადგილზე მხარდაჭერის გამოხატვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი