ახალი ამბები

„ბიჭო, ცოტა მოდი ადეკვატურობაში, რა“ — ზარქუა ხაბეიშვილს

1 თებერვალი, 2022 • 1799
„ბიჭო, ცოტა მოდი ადეკვატურობაში, რა“ — ზარქუა ხაბეიშვილს

„ბიჭო, ცოტა მოდი ადეკვატურობაში, რა”, — ასე მიმართა “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ზარქუამ ენმ-ის წევრ ლევან ხაბეიშვილს.

ზარქუას მიმართვა პარლამენტის სესიის დღევანდელ სხდომაზე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას მოჰყვა.

ხაბეიშვილმა თბილისში არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის, სამგზავრო ტარიფების შეცვლაზე, მშენებლობებზე და  პრემიერისა და თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას ცოლებისთვის ტყეების გადაცემაზე ისაუბრა.

ზარქუას თქმით, ხაბეიშვილმა დღევანდელ სხდომაზე ტყუილის თქმაში “რეკორდი მოხსნა”. მან ხაბეიშვილს “მასხარა” უწოდა.

“ცოტა იმედი მქონდა,  რადიკალური ოპოზიცია რომ შემოვიდოდა დარბაზში, ცოტა აქცენტირებას გააკეთებდა ოდნავ სიმართლენარევ თემებზე. დღეს ხაბემ საერთოდ რეკორდი მოხსნა სიცრუის ტირაჟირებაში. ისე გამაოცა, რომ გაოგნებულმა ვკითხე ქალბატონ ელისოს, დღეს პირველი აპრილი ხო არ არის-მეთქი და არა, პირველი თებერვალი არისო […]

აქ მცდელობაა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა. წამოიწყო უტიფრობა, რომ გაზარდეთ ტარიფები, დღეს ხალხს უჭირსო… იმ პარტიაში რომელიმე ადეკვატური არ დარჩით?! ან ვინმემ უთხარით…”, — განაცხადა ზარქუამ.

ზარქუა და ხაბეიშვილი პარლამენტამტში მოხვედრამდე თბილისის საკრებულოს წევრები იყვნენ. სწორედ ეს პერიოდი გაიხსენა ზარქუამ და აღნიშნა, რომ საკრებულოში ხაბეიშვილის ტყუილები “ცოტა ადეკვატურობასთან” ახლოს იყო.

“მოიტყუა, თითქოს, ჩვენ ხმალამოღებული ვიცავთო. გენერალური გეგმა და სატყეო ზონა საერთოდ გამქრალი ჰქონდათ და 5 000 კვ.მ. რეკრეაციული ზონა დავაბრუნეთ… ეს არის სიმართლე და ბიჭო, ცოტა მოდი ადეკვატურობაში, რა[…]

4 წელი საკრებულოში იყავი, არაფერს აკეთებდი, მაგრამ ასეთი ტყუილი, რითიც იყავი ცნობილი… მაგრამ ცოტა ადეკვატურობასთან იყავი”, — მიმართა ზარქუამ.

ამ ორ დეპუტატს, რომლებიც მოწინააღმდეგე პარტიებში ირიცხებიან, ურთიერთდაპირისპირების ხანგრძლივი ისტორია აქვს. ხაბეიშვილს ზარქუას ცემის ბრალდება აქვს წარდგენილი, რასაც პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი