ახალი ამბები

გახარიას გუნდი მათ მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას უკან გაიწვევს

1 თებერვალი, 2022 • 1052
გახარიას გუნდი მათ მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას უკან გაიწვევს

პარტიის “საქართველოსთვის” წერვები მათ მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას უკან გაიწვევენ.

ამის შესახებ მათ დღეს, პირველ თებერვალს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განაცხადეს, სადაც ასევე უნდა განიხილონ “ქართული ოცნების” მიერ მომზადებული რეზოლუციაც.

როგორც პარტიის “საქართველოსთვის” წევრებმა განმარტეს, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა უკრაინის მხარდასაჭერად ერთი რეზოლუცია მიიღოს, რომელსაც მრავალპარტიული მხარდაჭერა ექნება და მასში რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი, ნახსენები იქნება.

“პარლამენტი და ქვეყანა არ გამოიყურება კარგად, როცა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ორგანო რეზოლუციის ორ პროექტს იღებს”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

გიორგი გახარიას თანაგუნდელებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია პარლამენტში 2021 წლის დეკემბრეში წარადგინეს, თუმცა ამ დრომდე მისი განხილვა არ მომხდარა.

26 იანვარს “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა მის მიერ მომზადებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი, რომელშიც რუსეთი ნახსენები არაა.

რეზოლუციის პარლამენტში დარეგისტრირებამდე, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის კონსულტაციები ორჯერ გაიმართა. პირველი კონსულტაციის შემდეგ ოპოზიცია აცხადებდა, რომ უმრავლესობასთან შეთანხმდნენ რეზოლუციის პრინციპებზე. მათი თქმით, ტექსტში ნახსენები იყო რუსეთიც.

თუმცა მეორე კონსულტაციაზე, სადაც „ოცნებას“ ოპოზიციის შენიშვნების გათვალისწინებით რეზოლუციის საბოლოო ტექსტი უნდა წარედგინა, ოპოზიციის თქმით, ტექსტი რადიკალურად შეიცვალა და რუსეთის ფედერაციაც წაიშალა.

შესაბამისად, რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება ვერ შედგა და ის „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის თანაავტორობის გარეშე დააინიცირა.

ოპოზიციის ნაწილი აპირებს, რომ საკომიტეტო განხილვისას უმრავლესობას ტექსტში რუსეთის ფედერაცია დაამატებინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რეზოლუციას მხარს არ დაუჭერენ. ამასთან, არც რეზოლუციის ალტერნატიული ტექტის ინიცირებას აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი