ნეტგაზეთი | ბადრი ბიწაძის სასამართლო დასასრულს მიუახლოვდა ბადრი ბიწაძის სასამართლო დასასრულს მიუახლოვდა – Netgazeti
RU | GE  

ბადრი ბიწაძის სასამართლო დასასრულს მიუახლოვდა

ბადრი ბიწაძე სახალხო კრების აქციაზე, 25 მაისი, 2011.
ბადრი ბიწაძე სახალხო კრების აქციაზე, 25 მაისი, 2011.

ბადრი ბიწაძის სასამართლო პროცესის ბოლო სხდომა ხვალ, 17 აგვისტოს გაიმართება.  ამის შესახებ ნეტგაზეთს ბრალდებულის ადვოკატმა, ლევან სამუშიამ განუცხადა.

ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას სასამართლომ 15 აგვისტოს მოუსმინა.   პროკურატურამ მოითხოვა ბადრი ბიწაძის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით. 17 აგვისტოს დაგეგმილია   დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის მოსმენა, რის შემდეგაც მოსამართლე გავა გადაწყვეტილების გამოსატანად და დასრულდება სასამართლო პროცესი. ბიწაძის ადვოკატი ლევან სამუშია არ გამორიცხავს, რომ გადაწყვეტილება სასამართლომ ხვალვე გამოიტანოს.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის მეუღლეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით აქვს წაყენებული. ესაა დანაშაული ჩადენილი ჯგუფის მიერ, რომელიც გულისხმობს პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა სამართალდამცავებმა 2011 წლის 30 მაისს დაიწყეს. პროკურატურამ სასამართლოს 31 მაისს მიმართა შუამდგომლობით და ბიწაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 100 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოითხოვა. სასამართლომ ეს მოთხოვნა 1 ივნისს დააკმაყოფილა, თუმცა ბიწაძემ თანხა არ გადაიხადა, რის შემდეგაც მასზე დაპატიმრების სანქცია გაიცა და 19 ივნისს ძებნაც გამოცხადდა. ის ამჟამადაც იძებნება.

ბრალდებულის ადვოკატის, ლევან სამუშიას თქმით, სასამართლო პროცესის განმავლობაში ვერანაირად ვერ იქნა დადასტურებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

”შემიძლია ვთქვა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები  ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ბადრი ბიწაძის უდანაშაულობაზე. იმ ხუთი მოწმის ჩვენება, რასაც ეყრდნობა ბრალდების მხარე, არის ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთაგომრიცხავი. გია უჩავას ჩვენებას ეწინააღმდეგება მისი ოთხი მეგობრის ჩვენება, ხოლო ამ ოთხი ადამიანის ჩვენებები კი– ერთმანეთს. ის ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელიც რესტორან ”ზღაპარში” იყო გადაღებული და რომელზეც თავდაპირველად აპელირებდა ბრალდების მხარე, თავის საბოლოო სიტყვაში არ მოუხსენიებია, როოგორც ბრალდების მტკიცებულება. პროცესზე ჩვენ მიერ დეტალურად იქნა გამოკვლეული აღნიშნული ფარული ვიდეოჩანაწერი და იგი არ შეიცავ რაიმე დანაშაულის ელემენტს. აღნიშნული დადასტურდა შოთა უტიაშვილის დაკითხვითაც, სადაც მან ვერ დაადასტურა ამ ვიდეოში დანაშაულის ნიშნების არსებობა,” – განუცხადა ნეტგაზეთს ადვოკატმა ლევან სამუშიამ, ” – სამართლიანი სასამართლოს პირობებში არ არის გამორიცხული, სასამართლომ გამოიტანოს გამმართლებელი განაჩენი. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ხოლო, რამდენად სამართლიანია სასამართლო დღევანდელ პირობებში, ეს თქვენთვის და თქვენი მკითხველისთვის მომინდვია.”

ამავე თემაზე:

ბადრი ბიწაძის სასამართლო იწყება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თაზო კუპრეიშვილი