ახალი ამბები

რუსეთმა ევსაქების აქციის გამო საქართველოს ნოტა გაუგზავნა

28 იანვარი, 2022 • 3297
რუსეთმა ევსაქების აქციის გამო საქართველოს ნოტა გაუგზავნა

რუსეთმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ 26 იანვარს ჩატარებული უკრაინის მხარდამჭერი აქციის გამო . ამის შესახებ რუსულ მედიასთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ა. ზაიცევმა ისაუბრა.

„მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებული ვარ. 26 იანვარს ქართული ოპოზიციის მიერ ჩატარდა ანტირუსული პოლიტიკური აქცია საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის შენობასთან ახლოს. დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სექციაში გაითიშა მთავარი და სარეზერვო ელექტროკვების წყაროები“, — აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტომ დიპლომატიურ ნოტაში საქართველოს შეახსენა 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ზედმიწევნით შესრულების აუცილებლობა.

„ამჟამად, სექციის ელექტრომომარაგება სრულად აღდგენილია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა შესაძლო ზომას მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად”, — აცხადების რუსეთის საგარეო უწყება. 

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ გარდა პირდაპირი სამხედრო აგრესიისა, რუსეთი იბრძვის მორალური უპირატესობის მისაღებად ყველანაირი მეთოდით.

„ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ მკაფიო მორალური პოზიცია, მტკიცე პოზიცია, რაც ამავდროულად პრაგმატული პოზიციაა და უნდა ვიყოთ ეფექტურები. ჩემი აზრით, „ევროპული საქართველოს“ აქცია იყო ეფექტური.

ჩვენი მთავრობის სამარცხვინო საქციელის ფონზე ჩვენ შევძელით იმის დემონსტრირება და საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, მათ შორის უკრაინულ და საერთაშორისო სოციალურ მედიაში, რომ ეს მთავრობა ქართველების კრიტიკულ მასას არ წარმოადგენს, ეს ძალიან ეტკინათ, ისე როგორც ეფექტური ფორმა ჩვენი მტრული სახელმწიფოს წარმომადგენლებს. ამიტომ ნიშანდობლივია, რომ ასე აგრესიულად გამოეხმაურნენ „ევროპული საქართველოს“ აქციას “, – განაცხადა ბოკერიამ. მისი კომენტარი წერილობით გაავრცელა „ევროპულმა საქართველომ“. 

„ევროპულმა საქართველომ“ 27 იანვარს რუსეთის გაუქმებულ საელჩოსთან უკრაინის მხარდასაჭერი აქცი გამართა, რა დროსაც საელჩოს შენობის ფასადზე პროექტორით გაუშვეს უკრაინის მხარდამჭერი ვიდეოკლიპი. 

მთავარ ფოტოზე: პერფორმანსი რუსეთის გაუქმებული საელჩოს შენობის ფასადზე.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი