ახალი ამბები

ჰგავს რუსული პოზიციის გამყარების მცდელობას – ჩეჩელაშვილი უკრაინის მხარდასაჭერ ოცნებისეულ რეზოლუციაზე

28 იანვარი, 2022 •
ჰგავს რუსული პოზიციის გამყარების მცდელობას – ჩეჩელაშვილი უკრაინის მხარდასაჭერ ოცნებისეულ რეზოლუციაზე

რუსეთის ფედერაციასა და უკრაინაში საქართველოს ყოფილი სრულუფლებიანი ელჩის, ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, საქართველო აუცილებლად უნდა იდგეს უკრაინის მხარეს, თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია „ჰგავს რუსული პოზიციის გამყარების მცდელობას“.

როგორც ჩეჩელაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობებში პატივს სცემს მხოლოდ ძალას, ამ შემთხვევაში კი ძალა არის მხოლოდ ერთობაში, და ეს ერთობა არის საერთაშორისო ცივილიზებული სამყაროს კონსოლიდაცია უკრაინის ირგვლივ.

„რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით, საქართველო უნდა იყოს ამ ერთობის ნაწილი. ეს არის, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებში, რადგან ამგვარი პრობლემების წინაშე ჩვენც დავდგებით და დაგვჭირდება ჩვენი პარტნიორების, მათ შორის, უკრაინის მხარდაჭერა.

(რეზოლუცია) ცოტათი ჰგავს რუსული პოზიციის გამყარების მცდელობას. რუსეთის პოლიტიკა უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში მდგომარეობს იმაში, რომ იგი არ არის კონფლიქტის მონაწილე და უბრალოდ ხელს უწყობს შიდა უკრაინული კონფლიქტის დარეგულირებას ნორმანდიული ფორმატის გამოყენებით,“ — უთხრა უკრაინაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნეტგაზეთს.

მისივე შეფასებით, ამას, გარკვეულწილად, უკრაინის პოზიციამაც შეუწყო ხელი მაშინ, როდესაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და გააჩაღა ომი აღმოსავლეთ უკრაინაში, უკრაინამ მასთან არ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები.

ჩეჩელაშვილს მიაჩნია, რომ სწორედ ეს არის ის არგუმენტი, რომელსაც რუსეთი იშველიებს, თითქოს ისინი არ არიან კონფლიქტის მონაწილეები, თუმცა საქართველოს მმართველი გუნდის მომზადებულ რეზოლუციაში „რუსეთის არხსენებას, არანაირი გამართლება არ აქვს“.

ჩეჩელაშვილის განცხადებით, საქართველოს არ აქვს თავისი გლობალური და რეგიონული პარტნიორების მსგავსი რიტორიკა.

„მთელს მსოფლიოში რუსეთმა ომის დაწყებამდე უკვე წააგო ინფორმაციული ომი, რადგან ყველა დარწმუნებულია, რომ რუსეთი არის აგრესორი და ყველა აფრთხილებს, რომ აგრესიის შემდეგი ტალღის განხორციელებისას, იგი შეეჯახება დიდ პრობლემებსა და ჯოჯოხეთურ სანქციებს, რომელიც დაანგრევს რუსეთის ეკონომიკას.

ამაზე ყველა ღია საუბრობს, მათ შორის, როგორც გლობალური პარტნიორები, როგორიცაა აშშ, ევროკავშირი და ნატო, ასევე რეგიონული პარტნიორები, როგორებიცაა აზერბაიჯანი და თურქეთი.

ვნახეთ, რომ ილჰამ ალიევი ეწვია უკრაინას და მკაფიოდ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და საზღვრების ურღვეობას. მომავალში ერდოღანიც ჩადის უკრაინაში.

სამწუხაროდ, საქართველო ამ კონტექსტიდანაც ამოვარდნილია. ეს ნაპრალი რაც შეიძლება ძალიან სწრაფად უნდა შევავსოთ“, – აცხადებს ჩეჩელაშვილი.

ყოფილი ელჩის თანახმად, უკრაინისთვის მხარდაჭერას დიდი სიმბოლური და ემოციური მნიშვნელობაც აქვს, ამისთვის კი კარგი იქნებოდა მცირე სამხედრო დახმარებაც.

„უკრაინელებისთვის საქართველოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან ეს მხარდაჭერა, ხელს უწყობს უკრაინაში ერთიანობასა და მტკიცე პოზიციონირებას აგრესიასთან დაპირისპირების თვალსაზრისით.

შეგვიძლია გავიხსენოთ 1993 წელი, როდესაც უკრაინელმა მფრინავებმა და მეზღვაურებმა გადაარჩინეს ქართველი დევნილები, იუშენკო და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ჩამოვიდნენ 2008 წელს და იდგნენ რუსთაველის გამზირზე, შეგვიძლია გავიხსენოთ კრიტიკულ დროს ხორბლისა და შეიარაღების მოწოდება. ახლა უკრაინა არის იმ მდგომარეობაში, როდესაც მას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება.

მე მაქვს კონტაქტები და ვიცი, რომ უკრაინელები ქართულ დახმარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა არამხოლოდ შესაბამისი ენით რეზოლუციის მიღება, არამედ თუნდაც სიმბოლური, მაგრამ სამხედრო დახმარების გაწევაც უკრაინისათვის. გასაგებია, რომ ჩვენ ჯაველინებსა და სტინგერებს ვერ მივაწოდებთ უკრაინას, მაგრამ მცირე სამხედრო დახმარება, (მაგალითად ჯავშანჟილეტები) იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი“, – მიაჩნია მას.

შეკითხვაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად, ჩეჩელაშვილი პასუხობს, რომ პირველ რიგში აუცილებელია მაღალი დონის ვიზიტი, მაგალითად პრეზიდენტის.

მისივე შეფასებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ქმედებების მთელი პალიტრა აქვს, რითაც უკრაინას მხარდაჭერა შეუძლია და ეს, პირველ რიგში, საქართველოსვე ინტერესებისთვის არის მნიშვნელოვანი.

„ეს ხელს შეუწყობს ჩვენი მოკავშირეების თვალში საქართველოს ავტორიტეტისა და რეპუტაციის გამყარებას. ყოველთვის, როდესაც ფიქრობ, უნდა შეეცადო საკუთარი თავი დააყენო მის ადგილზე. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ჰაერში ნასროლი სიტყვები, ამას მოჰყვება შესაბამისი ვალდებულებები.

ამას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უბრალოდ უკრაინა ამ კონფლიქტში არის ცამდე მართალი. უკრაინა იცავს საკუთარ მშვიდობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. იგი არის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ბასტიონი. ჩვენ უნდა ვიყოთ ბარიკადების სწორ მხარეს, სადაც არის მთელი ცივილიზებული სამყარო. აქ არჩევანი ძალიან მარტივია, ან ჩვენ ვართ უკრაინისკენ და ვუჭერთ მას მხარს, ანდა ჩვენ ვიკავებთ გაურკვეველ, ნახევრად ჩამოყალიბებულ, არადამაჯერებელ პოზიციას, რომელსაც აუცილებლად ექნება გავლენა ჩვენს ავტორიტეტსა და რეპუტაციაზე“, – აცხადებს ჩეჩელაშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში.


უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და წარადგინა, რუსეთი ნახსენები არაა.

26 იანვარს, რეზოლუციის პარლამენტში დარეგისტრირებამდე, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის კონსულტაციები ორჯერ გაიმართა. პირველი კონსულტაციის შემდეგ ოპოზიცია აცხადებდა, რომ უმრავლესობასთან რეზოლუციის პრინციპებზე შეთანხმდნენ. მათი თქმით, ტექსტში ნახსენები იყო რუსეთიც.

თუმცა მეორე კონსულტაციაზე, სადაც „ოცნებას“ ოპოზიციის შენიშვნების გათვალისწინებით რეზოლუციის საბოლოო ტექსტი უნდა წარედგინა, ოპოზიციის თქმით, ტექსტი რადიკალურად შეიცვალა და რუსეთის ფედერაციაც წაიშალა.

შესაბამისად, რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება ვერ შედგა და ის „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის თანაავტორობის გარეშე წარადგინა.  ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ რეზოლუციის ალტერნატიული ტექსტი მოამზადონ.

რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში საკუთარი სამხედრო ძალების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა გადაისროლა ბელარუსსა და რუსეთის იმ რეგიონებში, რომლებიც უკრაინას ესაზღვრება.

უკრაინისა და დასავლური სახელმწიფოების სადაზვერვო სამსახურების ცნობებით, რუსეთი შესაძლოა, ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმისთვის ემზადებოდეს.

ოთხშაბათს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ წერილობითი პასუხი გადასცეს რუსეთს იმ მოთხოვნებზე, რომელიც მოსკოვმა დასავლეთს მანამდე წაუყენა.

რუსეთის მოთხოვნები მათ შორის მოიცავდა ნატოს აღმოსავლეთ გაფართოებაზე უარის თქმას და აღმოსავლეთ ევროპიდან ძალების გაყვანას.

წერილობითი პასუხის ზუსტი შინაარსი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ოთხშაბათ საღამოს გამართულ ბრიფინგებზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადეს, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა კვლავ გაგრძელდებოდა და რუსეთს ძალები უნდა გაეყვანა საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ წერილობითი პასუხის შინაარსი „გაჟონავს“, რადგან ამერიკულმა მხარემ ის საკუთარ პარტნიორებს გაუზიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი