ახალი ამბები

უკრაინასთან ომზე ფიქრიც კი მიუღებელია – რუსეთის საგარეო

28 იანვარი, 2022 • 2718
უკრაინასთან ომზე ფიქრიც კი მიუღებელია – რუსეთის საგარეო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ალექსეი ზაიცევის განცხადებით, უკრაინასთან ომის დაწყებაზე რუსეთისთვის ფიქრიც კი მიუღებელია.

ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი ქვეყანა არ აპირებს, ვინმეს თავს დაესხას. ჩვენ გვწამს, რომ ჩვენს ხალხებს შორის ომზე ფიქრიც კი მიუღებელია“, – განაცხადა ზაიცევმა გამართულ ბრიფინგზე.

ზაიცევის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებას ხელს უწყობენ ნატოს წევრი სახელმწიფოები.

რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში საკუთარი სამხედრო ძალების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა გადაისროლა ბელარუსსა და რუსეთის იმ რეგიონებში, რომლებიც უკრაინას ესაზღვრება.

უკრაინისა და დასავლური სახელმწიფოების სადაზვერვო სამსახურების ცნობებით, რუსეთი შესაძლოა, ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმისთვის ემზადებოდეს.

ოთხშაბათს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ წერილობითი პასუხი გადასცეს რუსეთს იმ მოთხოვნებზე, რომელიც მოსკოვმა დასავლეთს მანამდე წაუყენა.

რუსეთის მოთხოვნები მათ შორის მოიცავდა ნატოს აღმოსავლეთ გაფართოებაზე უარის თქმას და აღმოსავლეთ ევროპიდან ძალების გაყვანას.

წერილობითი პასუხის ზუსტი შინაარსი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ოთხშაბათ საღამოს გამართულ ბრიფინგებზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადეს, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა კვლავ გაგრძელდებოდა და რუსეთს ძალები უნდა გაეყვანა საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ წერილობითი პასუხის შინაარსი „გაჟონავს“, რადგან ამერიკულმა მხარემ ის საკუთარ პარტნიორებს გაუზიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი