ახალი ამბები

“დროამ” უკრაინის მხარდამჭერი პეტიცია შექმნა

27 იანვარი, 2022 • 1551
“დროამ” უკრაინის მხარდამჭერი პეტიცია შექმნა

ვებსაიტ Manifest.ge-ზე, რომელზეც მოქალაქეები სხვადასხვა მოთხოვნას აყენებენ, პარტიამ “დროა” უკრაინის მხარდამჭერი პეტიცია შექმნა. ტექსტის ავტორები მოუწოდებენ პარლამენტსა და მთავრობას, გააძლიერონ “საქართველოს წვლილის შეტანა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის არდაშვებაში”.

“გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ სამხედრო ესკალაციის გამო და ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოყენების მუქარას, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.

ეს ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;

ვაცხადებთ, რომ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესია, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და სეპარატისტული რეგიონების შეიარაღება, წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას, ძირს უთხრის უსაფრთხოებას და სტაბილურობას მთელ კონტინენტზე;

ასევე ვაცხადებთ, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია”, — აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.

ავტორთა განცხადებით, დარწმუნებულნი არიან, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები და დასძენენ, რომ “რუსული აგრესიის ფონზე, ეს არჩევანი უალტერნატივოა”.

პეტიციის ტექსტში აღნიშნულია, რომ არსებულ ვითარებაში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვისაც.

“…მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, საკანონმდებლო და დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძონ და გააძლიერონ საქართველოს წვლილის შეტანა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის არდაშვებაში და უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებაში”.

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან. დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეებზე საუბრობენ, რის გამოც არაერთმა მათგანმა სამხედრო დახმარება აღმოუჩინა კიევს. თავად მოსკოვი უარყოფს შეჭრის განზრახვას.

26 იანვარს ცნობილი, გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი, სადაც რუსეთი საერთოდ არ არის ნახსენები. ამ მიზეზით, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა დოკუმენტზე შეერთება გადაიფიქრა და საკუთარი ვერსია მოამზადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი