ახალი ამბები

“ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება” — ერდოღანი მისი შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებულ ჟურნალისტზე

27 იანვარი, 2022 • 2366
“ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება” — ერდოღანი მისი შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებულ ჟურნალისტზე

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, დაუსჯელი არ დარჩება ჟურნალისტი, რომელიც გასულ კვირას მისი შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს.

საუბარია სედეფ ქაბაშზე, რომელსაც ედავებიან ტელეეთერში ნათქვამის, შემდეგ კი “ტვიტერზე” გამოქვეყნებული ანდაზის გამო. პოლიციამ ცნობილი ჟურნალისტი 22 იანვარს, შუაღამისას დააკავა.

“ძალიან ცნობილი ანდაზაა: გვირგვინის დადგმის შემდეგ თავი უფრო ჭკვიანი ხდება.

თუმცა ვხედავთ, რომ ასე არ არის…ხარი სასახლეში შესვლით მეფე არ ხდება, არამედ სასახლე ხდება ბოსელი”, — დასძინა ქაბაშმა ტელეეთერში.

უკანასკნელი ანდაზა ჟურნალისტმა “ტვიტერზეც” გამოაქვეყნა, სადაც მას 900 000-მდე გამომწერი ჰყავს.

სასამართლომ ქაბაში წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

“ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება”, — თქვა ერდოღანმა ადგილობრივი ტელეარხის, NTV-ს ეთერში.

“შეურაცხყოფა, პირველ რიგში, ჩემზე კი არ არის, არამედ ოფისზე, რომელსაც წარმოვადგენ”, – აღნიშნა მან და დაამატა, რომ “ამას არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან”.

მანამდე, ქაბაში არაერთგზის გააკრიტიკეს თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებმა და პროსამთავრობო ჯგუფებმა.

სედეფ ქაბაშის დაკავება. წყარო: NTV

ერდოღანის სპიკერმა დასძინა, რომ გმობს “ვულგარულ შეურაცხყოფას” პრეზიდენტისა და მისი ოფისის მიმართ. იუსტიციის მინისტრმა აბდულჰამით გიულმა კი ქაბაშის სახელის ხსენების გარეშე დაწერა, რომ ის “მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს”.

თავად ჟურნალისტი უარყოფს წაყენებულ ბრალდებას.

თურქული კანონმდებლობით, პრეზიდენტის შეურაცხყოფა 1-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება. ბოლო წლებში ამ მუხლით ათობით ათასი გამოძიება დაიწყო, ათასობით ადამიანი კი გასამართლდა.

კანონის ძალით ასამართლებენ არა მხოლოდ ცნობილ სახეებს  — ჟურნალისტებს, ხელოვანებსა თუ აკადემიკოსებს — არამედ რიგით მოქალაქეებსაც. ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, ეს კანონი გამოხატვის თავისუფლებაზე შეტევაა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) მოუწოდა თურქეთს, შეცვალოს კანონმდებლობის ეს ნაწილი.

გასულ დღეებში სედეფ ქაბაშის საქმეს აქტიურად განიხილავდნენ სოციალურ მედიაში, რომელიც მნიშვნელოვანი სივრცეა თურქეთის პოლიტიკური ცხოვრების თანმდევი დისკუსიებისთვის.

DW-ს თანახმად, მთავრობის მომხრეთა მიერ “ტვიტერზე” გავრცელებულ ჰეშთეგს “სედეფ ქაბაშ, იცოდე შენი ადგილი”, მალევე მოჰყვა ჟურნალისტის მომხრეთა პასუხი, ჰეშთეგით “სედეფ ქაბაში მარტო არ არის”.

სხვა მოქალაქეებთან ერთად, ჟურნალისტის დაკავების ფაქტი გააკრიტიკეს მისმა კოლეგებმა და არაერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.

„მიუღებელია მისი დაკავება ღამის 2 საათზე ანდაზის გამო. ეს არის ჟურნალისტების, მედიისა და საზოგადოების დაშინების მცდელობა”, — დასძინა ოპოზიციური ტელეარხის, “TELE 1”-ის დირექტორმა მერდან იანარდაღმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი