ახალი ამბები

იტალიაში მე-5 დღეა ქართველ ქალს ეძებენ

26 იანვარი, 2022 • 2402
იტალიაში მე-5 დღეა ქართველ ქალს ეძებენ

უკვე მეხუთე დღეა იტალიაში ახალგაზრდა ქართველ ქალს ეძებენ, რომელმაც სახლი 22 იანვარს დატოვა. მას შემდეგ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მისი ადგილსამყოფელი არ იციან.

27 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი იტალიის ქალაქ ნეაპოლში ცხოვრობს და მუშაობს. იტალიაში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრებიც. როგორც დაკარგულის დედა ამბობს, ახალგაზრდა ქალი სახლიდან შაბათს, 10 საათზე გავიდა, ძებნa კი საღამოს დაიწყეს, მას შემდეგ, რაც 16:00 საათის შემდეგ კონტაქტზე აღარ გამოვიდა.

სამძებრო სამუშაოების გააქტიურების მოთხოვნით იტალიაში ქართველი ემიგრანტები აქციებსაც მართავენ.

მომხდართან დაკავშირებით „ნეტგაზეთი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე გრძელდება სამძებრო სამუშაოები საკონსულოს მოთხოვნის საფუძველზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სამძებრო სამუშაოებში უკვე ორი დღეა აქტიურად არიან ჩართულნი იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები:

„ინტენსიურად ხდება ინფორმაციის გაცვლა საქართველოს საკონსულო სამსახურთან. გარდა ამისა, საკონსულო მუდმივ კავშირზეა დაკარგულის ოჯახთან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე საკონსულოს აცნობა დაკარგულის ოჯახის წევრმა, რის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს ოფიციალურად დახმარების თხოვნით მიმართა დაკარგული მოქალაქის ოჯახმა. ქ. რომში საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სამართალდამცავებს“, – აცხადებენ სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი