„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს. ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ — თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ დღეს, 31 იანვარს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღესვე ფრაქცია მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე განცხადებას დაარეგისტრირებს.
“ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის ბოლომდე ლეგიტიმაციის მქონე სახელმწიფო ინსტიტუტი. მესმის იმ სკეპტიკოსების, რომლებიც ამბობენ, რომ ლეგიტამაციის მქონე არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ არსებობს დღეს საქართველოში.
ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს არის მტრის ბანაკი. დიახ, საქართველოს პარლამენტი “ქართულმა ოცნებამ” გადააქცია მტრის ბანაკად, სადაც აუცილებელია, რომ ეს ადამიანები მარტო არ დავტოვოთ, არამედ მტრის ბანაკაში გვქონდეს ჩვენი ხმა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ენმ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა და სადეპუტატო მანდატების გაუქმებას ითხოვდა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრები პარლამენტში 2021 წლის 8 ივნისს შევიდნენ. თუმცა, შესვლიდან 1 თვეში, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ, პარტიამ ისევ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა.