ახალი ამბები

მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას – პაპუაშვილის განცხადება

24 იანვარი, 2022 • 1645
მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას – პაპუაშვილის განცხადება

დღეს, 24 იანვარს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებით გახსნა.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, უკრაინაში ახალი ომის არდაშვება როგორც უკრაინის, ისე საქართველოსა და რეგიონის ინტერესშია.

მისი თქმით, ამისათვის ახლა მნიშვნელოვანი და კრიტიკულია დასავლეთის ერთიანობა. როგორც პაპუაშვილმა თქვა, საქართველო მჭიდრო კომუნიკაციაშია დასავლელ პარტნიორებთან და სწორედ ამის მიხედვით მოქმედებს.

„აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტირიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.

მე რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან და მასსაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა. დღეს მთავარი ამოცანა არის უკრაინაში ახალი ომის არდაშვება და, ვფიქრობ, ყველა ჩვენი ძალისხმევა, საქმე, სიტყვა უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთკენ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში“, – განაცხადა პაპუაშილმა.

პაპუაშვილის განცხადებას დღეს წინ უძღოდა საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ბრიფინგი, რომლებიც  უმრავლესობას უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთობლივად მიღებისა და უკრაინის მეგობრობის ჯგუფის კიევში ვიზიტისაკენ მოუწოდებენ.

აღნიშნული საკითხები ოპოზიციამ ბიუროს სხდომაზეც დააყენა და, როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბიუროზე განაცხადა, შეეცდება, რომ ფრაქციებთან კონსულტაციები დაჩქარებულად გაიარონ, რათა რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაც გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი  ღარიბაშვილს უკრაინის საკითხზე არ უსაუბრია.


მაშინ, როცა უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები რუსეთისგან ყოველ წამს ელოდებიან უკრაინაში ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას, ქართველი ანალიტიკოსები და ოპოზიციონერები საქართველოს მთავრობის „უმოქმედობას“ აკრიტიკებენ.

ქართველ ექპსერტებსა და პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საფრთხე, რომელიც უკრაინას ამჟამად უდგას, პირდაპირ აისახება საქართველოს მომავალ უსაფრთხოებაზეც. მათი შეფასებით, საქართველოს სტრატეგიული ინტერესია ახლა უკრაინის გვერდით მყარად დგომა, რადგან თუ უკრაინა დამარცხდება, ძალიან მალე ზუსტად იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდება საქართველო, როგორც ეს 2008 წელს მოხდა.

ხელისუფლების ოპონენტთა აზრით, საქართველოს ხელისუფლება საგანგებო რეჟიმში უნდა მუშაობდეს და უკრაინის მიმართ მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავდეს როგორც სიტყვით, ისე — საქმით.

რატომ აზიანებს საქართველოს „დუმილი“ უკრაინის საკითხზე

მასალების გადაბეჭდვის წესი