ახალი ამბები

თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება

23 იანვარი, 2022 • 2151
თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება

თბილისში უკრაინისადმი სოლიდარობის აქცია იმართება. აქტივისტები, პოლიტიკოსები და სხვა მოქალაქეები უკრაინის საელჩოსთან დროშებითა და სხვადასხვა შინაარსის პლაკატებით შეიკრიბნენ.

აქცია უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებისა და ქვეყანაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებული, მზარდი შიშების ფონზე დაიგეგმა. მოსკოვი უარყოფს უკრაინაზე თავდასხმის განზრახვას.

აქცია უკრაინის საელჩოსთან. ფოტო: “დროა”

“ვიკრიბებით უკრაინის საელჩოსთან, რათა ხაზი გავუსვათ ქართულ-უკრაინულ მეგობრობას, დასავლურ არჩევანს და გამოვხატოთ სოლიდარობა ომის საფრთხის წინაშე მდგომი მეგობარი ქვეყნისადმი”, — აღნიშნავდნენ ორგანიზატორები დემონსტრაციის დაწყებამდე.

ისინი ასევე აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას და დასძენენ, რომ “დასავლეთის უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე, „ქართული ოცნება“ დუმს”.

“საქართველო, რომელმაც საკუთარ თავზე არაერთხელ გამოცადა რუსული აგრესია, დღემდე არ აკეთებს ოფიციალურ განცხადებას ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის მხარდასაჭერად. მეტიც, საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში საგარეო ასპარეზიდან ქრება.

…დღეს უკრაინა და საქართველო საერთო გეოპოლიტიკური გამოწვევის, რუსული ოკუპაციის წინაშე დგანან. უკრაინის ტერიტორიაზე დღემდე იმყოფება რუსული ჯარი, საქართველოში გრძელდება მცოცავი ოკუპაცია, მოქალაქეების უკანონო გატაცება და დაპატიმრება.

რუსეთი აგრძელებს რბილი და სამხედრო ძალით ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეში ჩაგდებას”, — აღნიშნულია განცხადებაში.

აქცია უკრაინის საელჩოსთან. ფოტო: “დროა”

უკრაინის საელჩოსთან შეკრებილ მოქალაქეებს ხელში უჭირავთ საქართველოსა და უკრაინის დროშები, ასევე, პლაკატები წარწერებით “უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე”, “დიდება უკრაინას” და სხვ.

აქციას არაერთი პარტია და სამოქალაქო ორგანიზაცია შეუერთდა. მათ შორის არიან “დროა”, “სირცხვილია”, “ლელო”, “გირჩი — მეტი თავისუფლება”, “შეცვალე”, და “ენმ”-ის ახალგაზრდული ფრთა”.

რა ხდება?

რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან.

გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს.

რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

მოსკოვის მოთხოვნაა:

  • არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო;
  • არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება;
  • უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე.

11 იანვარს ჟენევაში აშშ-რუსეთის დიპლომატიური მოლაპარაკებები გაიმართა, 12 იანვარს ბრიუსელში — ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა იმართება. ამ მოლაპარაკებებზე რუსეთმა ნატო-ს გაფართოების შეჩერების პირობა ვერ მიიღო.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს გარკვეული ზომები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და სამხედრო წვრთნების მასშტაბები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი.

ამასთან, ვაშინგტონმა გამორიცხა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს სამხედრო ყოფნის შესუსტება და რუსეთისთვის გარანტიის მიცემა, რომ ნატო არ გაფართოვდება.

უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებული შიშების ფონზე, ბოლო პერიოდში ნატოს არაერთმა წევრმა გამოთქვა კიევისათვის შეიარაღების მიწოდებისათვის მზადყოფნა. აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი პარტია კიევში უკვე ჩავიდა.

ამასთაბ, აშშ-მა ნება დართო ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს, ამერიკული წარმოების იარაღი მიაწოდონ უკრაინას. ალიანსის არაერთი წევრი — მათ შორის, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი — თანახმაა, კიევს შეიარაღება პირდაპირ მიაწოდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი