ახალი ამბები

ოპოზიციურმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მემორანდუმი გააფორმეს

22 თებერვალი, 2010 • 1268
ოპოზიციურმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მემორანდუმი გააფორმეს

დღეს, NDI-ის ოფისში ოპოზიციური პარტიების სამუშაო ჯგუფმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ახალი პოლიტიკური არხის ფორმირების შესახებ.

მემორანდუმის მიხედვით ახალი პოლიტიკური არხი პირდაპირ ეთერში გააშუქებს პარლამენტის პლენარულ სხდომებს და მნიშვნელოვან საკომიტეტო განხილვებს.  ამასთან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ყოველდღიურად დაეთმობათ ერთსაათიანი პირდაპირი ეთერი 22:00 საათიდან 23:00 საათმდე. ამ ერთსაათიან დროს პარტიები თანმიმდევრობით გადაინაწილებენ. თუმცა ოპოზიციური პარტიები ამ დროის გაზრდას ითხოვენ. ამასთან, არ დამტკიცებულა არხის ბიუჯეტი, რადგან მასში ცვლილებებია შესატანი – აცხადებს არხის ხელმძღვანელობა.

“ზემოხსენენებული არხი ხელმისაწვდომი იქნება თბილისის მოსახლეობისთვის და ხოლო რეგიონებში სატელიტური ანტენის საშუალებით. აგრეთვე მას გარკვეულ დროს დაუთმობენ თავიანთ სამაუწყებლო ბადეში რეგიონული ტელევიზიები.  ეთერში გასული მასალები კი განთავსდება  ინტერნეტში” –განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან  გახელაძემ.  

მემორანდუმზე ხელი მოაწერეს ათზე მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის “ედპ-მ”, მოძრაობამ “დაიცავი საქართველო” , “კონსერვატორებმა”, “ქართულმა დასმა” და ა.შ. მემორანდუმზე ხელი არ მოაწერა “ქალთა პარტიამ”, “ახალმა მემარჯვენეებმა” , “რესპუბლიკელებმა” “ლეიბორისტულმა პარტიამ” და “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველომ”, “ეროვნულმა ფორუმმა”და “მრეწველებმა”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ხელი მოაწერეს ლევან გახელაძემ და მეორე არხის გენერალურმა პროდიუსერმა დოდო შონავამ.

მათ, ვინც ვერ შეძლო დღევანდელ შეხვედრაზე მოსვლა, მემორანდუმზე ხელის მოწერა პირველ აპრილამდე შეუძლიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი