ახალი ამბები

როგორ აზარალებს ერდოღანს ეკონომიკური სირთულეები თურქეთში — გამოკითხვები

13 იანვარი, 2022 • 3095
როგორ აზარალებს ერდოღანს ეკონომიკური სირთულეები თურქეთში — გამოკითხვები

თურქეთის უფრო მეტი მოქალაქე ფიქრობს, რომ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სირთულეებს ოპოზიციური ალიანსი უკეთ გაუმკლავდება, ვიდრე პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი “სამართლიანობისა და განვითარების პარტია”(AKP). ამაზე მიანიშნებს იანვარში გამოქვეყნებული კვლევების შედეგები, რომლებიც სააგენტო Reuters-მა შეაჯამა.

თურქული ლირის კრიზისი და ინფლაცია

მიუხედავად ინფლაციის მაღალი მაჩვენებლისა, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გასულ თვეებში არაერთგზის შეამცირა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი.

ამ ფონზე, თურქეთის ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა, გასულ თვეში კი 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 18.4 ლირას მიაღწია. ეს ისტორიული ანტირეკორდია.

ცენტრალური ბანკის ზემოხსენებულ პოლიტიკას მხარს უჭერს პრეზიდენტი ერდოღანი, რომელმაც  ამ პროცესს უწოდა “ომი ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის” და აღნიშნავს, რომ „საპროცენტო მაფიის“, ანუ მაღალი საპროცენტო განაკვეთების წინააღმდეგ მოქმედებს.

ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი 36%-ს აღწევს, რაც უმაღლესი მაჩვენებელია ერდოღანის 19-წლიანი მმართველობის ისტორიაში. მიუხედავად მთავრობის მიერ მიღებული ფისკალური ზომებისა, გასულ წელთან შედარებით ლირა კვლავ 46%-ით არის გაუფასურებული.

ეკონომიკური სირთულეების გამო, შემოსავალი მკვეთრად შეუმცირდა მშრომელთა და დაბალ საშუალო კლასს, რომელიც ერდოღანის პარტიისთვის საარჩევნოდ დასაყრდენს წარმოადგენს.

რას ვიგებთ საზოგადოებრივი აზრის კვლევებიდან

რამდენიმე ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები ასახავს მოსახლეობის განწყობებს თურქეთში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებების და წამყვანი პოლიტიკოსების მიმართ. მოქალაქეებს ასევე ჰკითხეს, რომელი პოლიტიკური ძალა გაუმკლავდება უკეთ ზემოხსენებულ ეკონომიკურ გამოწვევებს.

ორგანიზაცია “Sosyo Politik Field Research Centre”-ის კვლევით, თურქეთის მმართველ  პარტიას(AKP) მოქალაქეთა 27% უჭერს მხარს. ეს იმ ფონზე, როცა 10%-ით მეტი(37%) ამბობს, რომ 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა აღნიშნულ პარტიას მისცეს. ამავე გამოკითხვით, ერდოღანის პარტიის მოკავშირეს, “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიას”(MHP) 6.3%- ემხრობა.

ხსენებული კვლევებით, თურქეთის მთავარ ოპოზიციურ ძალას, მემარცხენე-ცენტრისტულ “სახალხო რესპუბლიკურ პარტიას”(CHP) მოსახლეობის 22.9% უჭერს მხარს, მის მოკავშირეს “კარგ პარტიას”(IYI) კი — 10.3%. პროქურთულ “ხალხთა დემოკრატიულ პარტიას”(HDP) 9.4%-იანი მხარდაჭერა აქვს. მოქალაქეთა 11% გადაუწყვეტელია.

საზოგადოებრივი აზრის კიდევ ერთი კვლევით, რომელიც “ORC Research”-მა ჩაატარა, AKP-MHP-ს ჯამურად მოქალაქეთა 38.7% უჭერს მხარს, ოპოზიციურ CHP-IYI-ს — 39.5%, ასევე ოპოზიციურ, პროქურთულ HDP-ს კი — 8.4%.

ორგანიზაცია “Metropoll Research”-მა მოქალაქეებს პოლიტიკური ლიდერების შესახებაც ჰკითხა აზრი. მისი გამოკითხვებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მუშაობა მოქალაქეთა 38.6%-ს მოსწონს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2015 წლის შემდეგ. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მან ხმათა 52% მიიღო.

ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთი კვლევით, ერდოღანი მოქალაქეთა, დაახლოებით, 38%-ის მოსწონს. გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვთ ერდოღანის პოტენციურ კონკურენტებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე: სტამბოლის მერს — ექრემ იმამოღლუსა(51%) და ანკარის მერს — მანსურ იავაშს(60%).

იმამოღლუ და იავაში “სახალხო რესპუბლიკურ პარტიას” წარმოადგენენ. მათ 2019 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერდოღანის პარტიის კანდიდატები დაამარცხეს.

“Sosyo Politik”-ის მიერ გამოკითხულთა დაახლოებით 2/3 თურქეთის უმთავრეს პრობლემად ეკონომიკას განიხილავს, ნახევარზე მეტი კი ფიქრობს, რომ მთავრობის მიერ მიღებული ზომები ვითარებას ვერ გააჯანსაღებს.

Metropoll-ის კვლევით, 36.7%-ს სჯერა, რომ ეკონომიკურ პრობლემებს ოპოზიციური კოალიცია უკეთ გაუმკლავდება, 35.4% კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად AKP-MHP-ს კოალიცია უკეთ იმუშავებს.

არჩევნები, რომლითაც თურქეთის მოქალაქეებმა პრეზიდენტი და პარლამენტის ახალი შემადგენლობა უნდა აირჩიონ, 2023 წლისთვის არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი