ახალი ამბები

სააკაშვილთან ერთად პატრულმა გამაჩერა, ნათურები არ გინათებსო და ჯარიმა გამომიწერა — ცომაია

13 იანვარი, 2022 • 1785
სააკაშვილთან ერთად პატრულმა გამაჩერა, ნათურები არ გინათებსო და ჯარიმა გამომიწერა — ცომაია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეში ბრალდებულის, ელგუჯა ცომაიას თქმით, სააკაშვილთან ერთად ბათუმიდან თბილისში მგზავრობისას პატრულმა გააჩერა, თუმცა მხოლოდ უკანა ფარების გამო დააჯარიმა და გაუშვა. ამის შესახებ მან დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით გამოკითხვისას განაცხადა.

“გზაში გაგვაჩერა პატრულმა. მათვალიერებდა მეც, მიხეილ სააკაშვილსაც, მანქანას და ვნერვიულობდი, კაცი აგერ გვერდით მეჯდა, მაგრამ უკანა ნათურები არ გინათებსო და ჯარიმას გამოგიწერო. გულში ვფიქრობდი, შენ გაგახარა ღმერთმა-მეთქი, გამომიწერა, ჩავსხედით ისევ და წამოვედით”, — თქვა ცომაიამ პროცესზე.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს, არალეგალური გზით შემოვიდა და ის პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. მას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ელგუჯა ცომაიასთვის პროკურატურას ამ დროისთვის ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს და 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ელგუჯა ცომაიასთან ერთად დააკავებულია და პატიმრობაში იმყოფება კიდევ სამი პირი: მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი