ახალი ამბები

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთთან დიალოგამდე ნატო კონსულტაციებს საქართველოსთანაც მართავს

10 იანვარი, 2022 • 1611
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთთან დიალოგამდე ნატო კონსულტაციებს საქართველოსთანაც მართავს

ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომამდე, რომელიც 12 იანვარს გაიმართება, ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის ვიცე-პრემიერს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინას შეხვდა. ბრიუსელში გაიმართება ნატო-უკრაინის კომისიის სხდომაც, რომელზეც უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების მობილიზებას განიხილავენ.

იენს სტოლტენბერგის თქმით, მოკავშირეები მხარს უჭერენ ყველა ერის თავისუფალ არჩევანს და რუსეთს ძვირი პოლიტიკური და ეკონონომიკური ფასის გადახდა მოუწევს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში.

დღეს ჟენევაში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები იმართება, 12 იანვარს ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება, ხოლო 13 იანვარს ვენაში — ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-უკრაინის კომისიის ფორმატში შეხვედრა არის დროული შესაძლებლობა შექმნილი სიტუაციის შესახებ მოსაზრებების გაცვლისთვის და რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებების წინ, კოორდინაციისა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის დასაფიქსირებლად.

„მივესალმები, რომ რუსეთი დასთანხმდა ჩვენს შეთავაზებას ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის ჩატარების თაობაზე. ეს დადებითი სიგნალია. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო აქტივობებთან დაკავშირებით გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე, რისკის შემცირებასა და შეიარაღების კონტროლზე.

ჩვენ მოვუსმენთ რუსეთის შეშფოთებას, მაგრამ ნებისმიერი მნიშვნელოვანი დიალოგი, ასევე, უნდა პასუხობდეს ჩვენს შეშფოთებებს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. ეს უნდა მოხდეს უკრაინასთან კონსულტაციით, როგორც დღეს ვაკეთებთ. ჩვენ ასევე მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ სხვა პარტნიორებთან, საქართველოს, მოლდოვის, ფინეთის, შვედეთის და ევროკავშირის ჩათვლით“, — განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

„გარღვევას არ ველით“ — აშშ, რუსეთი და ნატო ევროპულ უსაფრთხოებას განიხილავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი