ახალი ამბები

მერია მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციაში 6,5 მლნ-ის დახარჯვას გეგმავს

5 იანვარი, 2022 • 1686
მერია მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციაში 6,5 მლნ-ის დახარჯვას გეგმავს

თბილისის მერიამ მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციოდ ტენდერი გამოაცხადა. დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება  6 551 050 ლარი იქნება.

შესყიდვა 3 იანვარს გამოცხადდა, განცხადებების მიღება კი 24 იანვარს დასრულდება.

საპროექტო დოკუმენტაციით თანახმად, რეაბილიტაცია 120 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს, ანუ 4 თვეში. აქედან გარკვეული პერიოდი გამზირი სრულიად ჩაიკეტება. რაზეც პროექტის ეს ჩანაწერი მოწმობს:

სქრინი საპროექტო დოკუმენტაციიდან.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებული კომპანია  ვალდებული იქნება 24-საათიან რეჟიმში აწარმოოს რეაბილიტაციის სამუშაოები.

რეაბილიტაციის შემდეგ მელიქიშვილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს. შესაბამისად, პროექტის ნახაზებში საავტომობილო გზის ორივე მხარეს ე.წ. ბასლეინებია დახაზული – ანუ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გზის მონაკვეთები.  (იხ. სურათზე ყვითელი ხაზები გზაზე).

ნაწყვეტი მელიქიშვილის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციიდან

რაც შეეხება სხვა სამუშაოებს, პროექტის მიხედვით, რეაბილიტაციის დროს გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოაწყოს ტროტუარი, ველობილიკები, საგზაო ნიშნები, სანიაღვრე ქსელი, სახანძრო ჰიდრანტები და სხვა.

საგარანტიო პერიოდი კომპანიისთვის 3 წლით განისაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი