ახალი ამბები

ჩანს, რომ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი ემზადება სხვების დასასჯელად – ომბუდსმენი

30 დეკემბერი, 2021 • 2401
ჩანს, რომ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი ემზადება სხვების დასასჯელად – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს პარლამენტის მიერ მოსამართლეებთან დაკავშირებული მორიგი ცვლილების მიღების გამო და აცხადებს, რომ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი სავარაუდოდ „ემზადება მისთვის არასასურველი მოსამართლეების დასასჯელად და სასამართლო სისტემიდან ჩამოსაცილებლად“.

ომბუდსმენის განცხადების თანახმად, პარლამენტი „დაჩქარებულად, სამოქალაქო საზოგადოებასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციისა და საკმარისი დისკუსიის გარეშე განიხილავს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ უკიდურესად საშიშ ცვლილებებს“.

„დაუშვებელია, მხოლოდ 2-3 დღე ეთმობოდეს მსგავს საკითხებზე მსჯელობას, კომიტეტის სხდომა ინიშნებოდეს კანონპროექტის გამოქვეყნების გარეშე და დაინტერსებულ პირებს წართმეული ჰქონდეთ განხილვაში ინფორმირებული მონაწილეობის შესაძლებლობა“, – აცხადებს ომბუდმსენი.

მისი განცხადების თანახმადვე, უაღრესად საყურადღებოა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადება გაავრცელა მოსამართლეთა ერთმა ნაწილმა, სადაც საუბარია შემოთავაზებული ცვლილებებით მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობისათვის არსებითი საფრთხის შექმნაზე.

„ვაფასებთ მათ გაბედულებას, სრულად ვიზიარებთ მათ მიერ წარმოდგენილ შეფასებას და მოვუწოდებთ პარლამენტს, გაითვალისწინოს აღნიშნული მიმართვა. იმის გათვალისწინებით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლის უპირველესი კონსტიტუციური ვალდებულება სწორედ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის დაცვაა, ამ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებზე დუმს, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან კანონპროექტი წინასწარ იყო შეთანხმებული“, – წერია 30 დეკემბერს, საღამოს საათებში გავრცელებულ განცხადებაში.

ომბუდსმენი სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ ცვლილებებზე საზოგადოებას ამ დრომდე არ მოუსმენია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრის მოსაზრება. „სხვა არამოსამართლე წევრები, რომლებიც პარლამენტს უნდა აერჩია, ამ დროისათვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში არ არიან და 5 ასეთი პოზიცია მიმდინარე წლის ივნისიდან ვაკანტურია“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

„იმისათვის, რომ რეფორმა სწორად დაიგეგმოს, საჭიროა არსებული ვითარების სწორად შეფასება. მსგავსი შეფასების გარეშე ვერ მოხერხდება რაიმე პროგრესული ცვლილების მიღწევა და პროცესებში დადებითი დინამიკის შემოტანა. აღნიშნული საკითხის მიღმა, წარმოდგენილი კანონპროექტი ასევე არ პასუხობს 19 აპრილის შეთანხმებას და არ ეხება იმ სარეფორმო საკითხებსა და სულისკვეთებას, რაც შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული“, – წერია განცხადებაში.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, „მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი შეფასდეს არა განზოგადებულად, არამედ მოცემულ კონტექსტში, არსებული საბჭოს პირობებში და იმ უმძიმესი გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დგას მთლიანად მართლმსაჯულების სისტემა“.

  • ამავე განცხადებაში ომბუდმსენის ოფისი მოკლედ ჩამოთვლის კანონპროექტით გათვალისწინებულ იმ საკითხებს, რომლებიც უაღრესად პრობლემურია და, ოფისის შეფასებით, „პირდაპირ მიმართულია სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების გაუარესებისაკენ“:
  • უკიდურესად იოლდება საქმის განხილვისაგან მოსამართლეთა ჩამოცილება და ჩნდება სივრცე მანიპულაციებისათვის;
  • მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგელობის საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა მცირდება და ამისათვის საკმარისი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ მოსამართლე წევრების ხმა, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან მოდის წინააღმდეგობაში;
  • ოთხჯერ იზრდება მოსამართლეთა არანებაყოფლობითი მივლინების ვადები, უქმდება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ქვედა ინსტანციაში არანებაყოფლობით მივლინების აკრძალვა, რითაც იქმნება ახალი სადამსჯელო ბერკეტები მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ხელში, მათთვის მიუღებელი კოლეგების წინააღმდეგ
  • მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლება იზღუდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი საფუძვლით, რომლის განმარტებაც პრაქტიკაში შეიძლება პრობლემური იყოს
  • მკაცრდება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა
  • კიდევ უფრო არაგამჭვირვალე ხდება მოსამართლეთა პირველ და მეორე ინსტანციაში დანიშვნის სისტემა, იქმნება ნიადაგი ინტერესთა კონფლიქტებისათვის, კიდევ მეტად სუსტდება მოსამართლეთა შერჩევა დამსახურების მიხედვით
  • დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი წარიმართება დაჩქარებულ ვადებში, რამაც შესაძლოა შეასუსტოს გამჭვირვალობა

„მთლიანობაში, წარმოდგენილი კანონპროექტი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი ემზადება მისთვის არასასურველი მოსამართლეების დასასჯელად და სასამართლო სისტემიდან ჩამოსაცილებლად. სამწუხაროა, რომ ასეთი მკვეთრად უარყოფითი შინაარსის მატარებელი კანონპროექტი მმართველი პარტიის დეპუტატების ხელით არის ინიცირებული და დაჩქარებულად განიხილება“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენთან ერთად, სხვა არაერთმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო აქტორმა მოუწოდა პარლამენტს, ცვლილებები არ მიეღო, პარლამენტმა 30 დეკემბერს მესამე მოსმენითაც დაამტკიცა ცვლილებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი