ახალი ამბები

ესპანეთი, იტალია და ავსტრალია ამარტივებენ იზოლაციისა და ტესტირების წესებს

30 დეკემბერი, 2021 • 2722
ესპანეთი, იტალია და ავსტრალია ამარტივებენ იზოლაციისა და ტესტირების წესებს

ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა გეგმავს, საკუთარი მოქალაქეებისთვის კორონავირუსით ინფიცირებისა და ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში დაწესებული იზოლაციის პერიოდი შეამციროს.

ამის მიზეზია შიში, რომ ომიკრონის ვარიანტის გავრცელების ფონზე, ერთდროულად დიდი რაოდენობით ადამიანს მოუწევს  იზოლაციაში ყოფნა, რაც ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

მაგალითად, ესპანეთმა გამოაცხადა, რომ საკარანტინო პერიოდს 10-დან 7 დღემდე შეამცირებს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ მიიღო მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევები რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.

იტალიაში მიიღეს გადაწყვეტილება, გააუქმონ თვითიზოლაცია კოვიდით ინფიცირებულთა კონტაქტებისთვის, თუკი ისინი აცრილები არიან, მათ შორის ბუსტერ დოზითაც, ან უახლოეს პერიოდში გადატანილი აქვთ კორონავირუსი.

ეს ნაბიჯი იტალიის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ჯანდაცვის ექსპერტებმა მას მოუწოდეს, გადაეხედა არსებული წესებისთვის, რადგან კოვიდის ომიკრონის შტამს შეეძლო, „მილიონობით ადამიანისთვის სახლში დარჩენის იძულებით, ქვეყნის პარალიზება გამოეწვია“.

ინგლისში, კოვიდინფიცირებულებს, რომლებიც უარყოფით პასუხს მიიღებენ თვითიზოლაციის მეექვსე და მეშვიდე დღეებში (24 საათის ინტერვალით ჩატარებული ტესტების შედეგად), აღარ უწევთ იზოლაცია სრული 10 დღის განმავლობაში.

30 დეკემბერს კი ავსტრალიამ შეამცირა კოვიდინფიცირებულთა „ახლო კონტაქტების“ განმარტება და შეამსუბუქა მოთხოვნები Covid-19-ზე ტესტირებისთვის. ამის მიზეზი ის გახდა, რომ დღიურად ინფიცირებათა რაოდენობამ 20 000-ს გადააჭარბა და ტესტირების განმახორციელებელ ობიექტები გადაიტვირთა.

რამდენიმე დღის წინ უსიმპტომო კოვიდინფიცირებულისათვის იზოლაციის დრო 10-დან 5 დღემდე შეამცირა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC).

CDC-მ ასევე 10-დან 5 დღემდე შეამცირა კარანტინის პერიოდი იმ ინფიცირებული ადამიანებისთვის, რომლებიც ვაქცინირებულები არიან და კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ. 5 დღის შემდეგ პირბადის ტარება მათთვისაც სავალდებულოა. ამასთან, ადამიანებს, რომელთაც მიღებული აქვთ ვაქცინის ბუსტერ დოზა, კონტაქტის შემთხვევაში შესაძლოა საერთოდ არ დასჭირდეთ იზოლაცია. ამის მიზეზი, CDC-ს განმარტებით, ისაა, რომ ბუსტერ დოზის გაკეთება მნიშვნელოვნად ამცირებს რისკს, რომ ადამიანი დაინფიცირდეს და სხვას გადასდოს ვირუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი