ახალი ამბები

მუნიციპალიტეტის მოიჯარეებს 2020-21 წლის საურავები ჩამოეწერებათ – კალაძე

29 დეკემბერი, 2021 • 2850
მუნიციპალიტეტის მოიჯარეებს 2020-21 წლის საურავები ჩამოეწერებათ – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეებს ჩამოეწერებათ 2020-2021 წელს დაკისრებული სანქცია-საურავები და ამ წლების იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მოიჯარეებს ვადაგასულ საიჯარო ხელშეკრულებებს ვადებს აღუდგენენ:

“საშეღავათო პროგრამაში ხვდებიან ძირითადად მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები, რომელთაც სანქცია-საურავები უნდა ჩამოვაწეროთ და გავათავისუფლოთ 2020-21 წლის იჯარის გადასახადისგან.

სურვილის შემთხვევაში მათთვის უნდა განისაზღვროს დამატებითი ვადა, ვადაგასულ საიჯარო ხელშეკრულებებს უნდა აღვუდგინოთ ვადები. ამისთვის საჭიროა აღნიშნულმა სუბიექტებმა მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიმართონ, რათა შესაბამისი ცვლილებები უმოკლეს დროში განხორციელდეს და მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათებით სარგებლობა შეძლონ”, – განაცხადა კალაძემ.

ქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა მერიის ქონების მართვის სააგენტოს პირველ აპრილამდე წერილობით უნდა მიმართონ.

კალაძის განცხადებით აღნიშნული პროგრამა საკრებულომ გუშინ, 28 დეკემბერს დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი