ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დიმიტრი გულია – აფხაზური ნაციონალიზმის არქიტექტორი

28 დეკემბერი, 2021 • 3497
დიმიტრი გულია – აფხაზური ნაციონალიზმის არქიტექტორი

ავტორი: დავით ჯიშკარიანი


XIX-XX საუკუნეში აფხაზეთში, ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი, რევოლვერითა და ხანჯლით  შეირაღებული ახალგაზრდა კაცი სახალხო მასწავლებლად მუშაობდა. ამ პერიოდში ეს თანამდებობა საინტერესოც, ახალიც და დიდი მნიშვნელობის მატარებელიც იყო. წერა-კითხვის მასწავლებლებს სრულიად უცოდინარ მხარეებში შეჰქონდათ განათლება, ასწავლიდნენ მოსწავლეებს და მათდაუნებურად, ხელს უწყობდნენ ახალი ტიპის ადამიანების ჩამოყალიბებას. საქმე მხოლოდ წერა- კითხვაში არ იყო –  ზოგიერთი პედაგოგი პოლიტიკურ იდეებსაც უზიარებდა შეგირდებს.  აფხაზეთში სახალხო მასწავლებლად მომუშავე, ტრადიციულად, სოლიდურად ჩაცმული ადამიანი კი დიმიტრი გულია გახლდათ. მან საკუთარი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში ბევრი რამის ნახვა და გაკეთებაც მოასწრო.  დიდი წვლილი შეიტანა აფხაზური ნაციონალური იდეის ჩამოყალიბებაში.

XIX საუკუნე მხოლოდ ტექნოლოგიური და კულტურული ევოლუციებით არ გამოირჩეოდა. ამ პერიოდში ახალი ნაციების, ერების შექმნაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო. იდენტობის შექმნისათვის კი ხშირად წარსულის მოშველიება, ჰუმანიტარული ინსტიტუტების, ენის, კულტურის, ფოლკლორის ნიმუშების შეგროვება და მათი გამოცემა იყო აუცილებელი. ამ კუთხით არც აფხაზეთი და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ყოფილან გამონაკლისი.

დიმიტრი გულია 1874 წელს, იმ დროს დაიბადა, როდესაც აფხაზეთში დიდი ცვლილებები იგეგმებოდა. რუსეთის იმპერია აქტიურად ცდილობდა აფხაზეთის ჩაბმას საკუთარ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ მმართველობის სისტემაში.

XIX საუკუნეში აფხაზეთის მოსახლეობა ფეოდალურ სისტემაში ცხოვრობდა.  ადგილობრივ  არისტოკრატიასა და მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს შორის განსხვავება სოციალური უთანასწორობა სოლიდური იყო.  აფხაზების რელიგიური კუთვნილებაც არ იყო ერთგვაროვანი. ფეოდალური ელიტა მუსლიმები იყვნენ, თუმცა მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი ტრადიციული რელიგიის მიმდევარი გახლდათ.

XIX საუკუნეში ამ მხარეში ოდესღაც ქრისტიანობის არსებობაზე მიუთითებდა აქ არსებული ქრისტიანული ტაძრები, რომელთა უმეტესობა სრულიად უპატრონოდ იყო მიტოვებული. 

ადგილობრივი  ელიტები უფრო მეტად შიდა დაპირისპირებებით და მეზობელ სამთავროებთან ურთიერთობების მოგვარებით იყვნენ დაკავებული, ვიდრე განათლების პოლიტიკის შემუშავებით და სამთავროს მოდერნიზაციით. სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებისათვის, რომელიც აფხაზეთში იყო განვითარების მსგავსი გზა, ბუნებრივი და ლოგიკურიცაა.   

განათლება, წერა-კითხვის ცოდნა, ფეოდალურ სისტემაში მხოლოდ ელიტისთვის იყო განკუთვნილი და ის არ ვრცელდებოდა მოსახლეობის სხვა ფენებზე.  განათლების  მიღება პრივილეგია იყო.  აფხაზეთში არქაული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ცხოვრების სტილი იყო და მოდერნიზაციის ის პროცესები, რომელიც რუსეთის იმპერიის სხვა ნაწილებში მიმდინარეობდა, XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისამდე აფხაზეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილისათვის სრულიად უცნობი იყო. 

XIX საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთის ადმინისტრაცია აფხაზეთში საკუთარი პოლიტიკის წარმოებას იწყებს. იმპერიისათვის მნიშვნელოვანი გახდა, რომ აფხაზეთში ადგილობრივი ბიუროკრატია მზად ყოფილიყო,  რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ, ფისკალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის მისაღებად. ამ მიზნის მიღწევა კი განათლების პოლიტიკის დანარგვის გარეშე ვერ მოხერხდებოდა. აფხაზეთში განათლების პოლიტიკის წარმოება ხელს უწყობდა მათთვის ადმინისტრაციული თუ სასულიერო ბიუროკრატების მომზადებას.

1865 წლის ანგარიშის მიხედვით, აფხაზეთში განათლების დონე დაბალი იყო. ენას არ გააჩნდა დამწერლობა. ამრიგად, მართლმადიდებელ სასულიერო პირებს დაევალათ, შეექმნათ აფხაზური დამწერლობა იმგვარად, რომ ჩამოეწერათ აფხაზური ბგერები, ხოლო მათ გვერდით მიეწერათ ქართულად და რუსულად შესატყვისი ასოები.  თუმცა, XIX საუკუნის 60-70-იან წლებში აფხაზეთში მიმდინარე მუჰაჯირობის პროცესებმა ყველა სხვა დანარჩენი პროცესი დაჩრდილა და ზუსტად ამ პროცესმა განაპირობა აფხაზეთის ცხოვრება და ყოველდღიურობა, სოციალური ურთიერთობებიც და განათლების პოლიტიკაც.

1864 წელს ოფიციალურად დასრულდა კავკსასიის ომი. რუსეთის იმპერიის საგლეხო რეფორმის გამო უკმაყოფილო აფხაზი არისტოკრატიის ნაწილი აჯანყდა, რომელიც მარცხით დასრულდა.  მუჰაჯირობის 1867 წლის, პირველი ტალღის შედეგად აფხაზეთი დაახლოებით 20 ათასმა ადამიანმა დატოვა. ამას მოჰყვა მეორე, 1877-1878 წლების მუჰაჯირობა. 

დიმიტრი გულია თავადაა თვითმხილველი იმ ამბებისა, რომელიც აფხაზეთში ხდებოდა. მოვლენები მის ოჯახსაც შეეხო, რომელმაც დატოვა აფხაზეთი და მაშინ ჯერ კიდევ ოსმალეთის ნაწილად მყოფ ბათუმში გადასახლდა.

მალე, მუჰაჯირების ნაწილის მსგავსად, ისინიც უკან დაბრუნდნენ, მაგრამ სანაპიროდან ცეცხლის გახსნის გამო იძულებული იყვნენ მდინარე ენგურთან ჩამოსულიყვნენ. ამის მერე იწყება მათი ახალი, საკმაოდ მძიმე ცხოვრება აფხაზეთში.  მის მამას საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთზე ცხოვრების ნება არ დართეს და სხვა ადგილი გამოუყვეს დასასახლებლად.

დიმიტრი გულია მომსწრეა აფხაზეთში კაპიტალისტური ურთიერთობების დაწყების. ახალი მიგრაციული პროცესებისა და რუსული ადმინისტრაციის დამყარების.  სკოლაში სწავლისას ის უახლოვდება მის მასწავლებელ დავით მაჭავარიანს და მასთან ერთად ქმნის პირველ აფხაზურ ანბანს, დამწერლობას. აფხაზეთში დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ მან ისეთივე გზა გაიარა, როგორც ყველამ ამ რეგიონში და ის გადავიდა გორის სასწავლებელში სასწავლებლად. ამის შემდეგ კი აფხაზეთის სოფლებში მასწავლებლად მუშაობდა და იყო სახალხო მასწავლებელი. ხალხში განათლება შეჰქონდა. მისივე სიტყვებით, ის კლასში ჩოხა-ახალახუში გამოწყობილი, დამბაჩით, ხანჯლით სრულიად ეკიპირებული დაიარებოდა. ალბათ, იმიტომ რომ მეტი სოლიდურობა ჰქონოდა ადგილობრივთა თვალში.

მისი ავტობიოგრაფიის მიხედვით, 1921 წლამდე ის მხოლოდ მასწავლებლობდა და დიდად სხვა საქმეებით არ იყო დაკავებული.

საბჭოთა ხელისუფლება ერების ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბებისა და მხარდაჭერის მიზნით ახალისებდა ფოლკლორის, ნაციონალური თქმულებების, ლიტერატურული ენის, ნაციონალური თეატრის და ნაციონალური ისტორიის შექმნას. აფხაზური ნაციონალური იდენტობის შემთხვევაში კი ყველა ამ საქმის მოთავე დიმიტრი გულია იყო. მისი უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ორი აფხაზური დამწერლობის შექმნაში მონაწილეობდა – კირილიცათი და ქართული შრიფტით (მისი ავტობიოგრაფიის მიხედვით მან არ მიიღო მონაწილეობა ლათინურ-შრიფტიანი დამწერლობის შექმნაში)

დიმიტრი გულიას ძეგლი აფხაზეთში რამდენიმე ადგილას დგას. მისი ძეგლი თბილისში, ორთაჭალაშიცაა. ის არ გამოირჩეოდა მკვეთრი ნაციონალიზმით და მისთვის აფხაზად ყოფნა არ გულისხმობდა ქართულ ნაციონალიზმთან კონფლიქტს. აგროვებდა  და ქმნიდა იმას, რაც მისი ხალხის მემკვიდრეობად მიაჩნდა, მშვიდად და წყნარად, ყოველგვარი ნაციონალური გრძნობების გარეშე.

მასალების გადაბეჭდვის წესი