ახალი ამბები

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

24 დეკემბერი, 2021 • 1229
ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 4 პირი დააკავა. უწყებაში აცხადებენ. რომ სამი მათგანი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ერთი კი ქუთაისში დააკავეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები – დაკავებული ლ.ჯ. და დ.წ. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ ბიზნესმენს – პ.გ.-ს სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსული მოგების დიდ ნაწილს სისტემატურად სძალავდნენ.

შსს-ს თქმით, ბრალდებულებმა, კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დაშინებითა და მუქარით, აღნიშნული ბიზნესმენის საქმიანობის სრულად მითვისება განიზრახეს, ასევე, მეწარმის შვილს კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს:

„ამის შემდეგ დაზარალებულმა მეწარმემ, თავის მხრივ, დახმარებისთვის მიმართა ე.წ. „კანონიერ ქურდებს“, რომლებმაც გამომძალველების ქმედება შეაფასეს და „ქურდული გარჩევის“ გზით ბიზნესმენის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს, კერძოდ, ლ.ჯ.-ს და დ.წ.-ს დაეკისრათ ავტომანქანის მესაკუთრისთვის დაბრუნება და მეწარმეზე ზეწოლის შეწყვეტა. აღნიშნული გადაწყვეტილების „ქურდული წესით“ აღსრულება კი,ბრალდებულ ნ.შ.-ს უნდა განეხორციელებინა“, – აცხადებენ უწყებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის აუდიოჩაწერა განახორციელეს, სადაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებებია ასახული.

პოლიციამ ლ.ჯ., და ნ.შ. ბორჯომში, ხოლო დ.წ. რუსთავში, ბრალდებულების სახით დააკავა. შსს-ს თქმით, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ავტომანქანა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც, უწყების განცხადებით, დაკავებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, იმერეთის პოლიციის მიერ დაკავებულ ი.დ.-ს, უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიებით დადგინდა, რომ მან, როგორც კრიმინალურმა ავტორიტეტმა, „ქურდულ სამყაროში“ დადგენილი წესების შესაბამისად, მისთვის ეტაპობრივად 15 000 აშშ დოლარის გადახდა და ძვირადღირებული ავტომობილის დათმობა მოსთხოვა ქუთაისში მცხოვრებ მეწარმეს – დ.ზ.-ს, კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. შსს-ს თქმით, ამის გამო დ.ზ.-მ ბრალდებულს, ჯამში, 16 000 ლარი გადასცა:

შსს-ში აცხადებენ, რომ ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით გრძელდება, რაც გამოძალვას, „ქურდული სამყაროს“ წევრობას და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი