ახალი ამბები

გახარია მხარს უჭერს ზურაბიშვილის შერიგების ინიციატივას

22 დეკემბერი, 2021 • 1834
გახარია მხარს უჭერს ზურაბიშვილის შერიგების ინიციატივას

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, იგი მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, დაიწყოს პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დიალოგი და შერიგების პროცესი.

მან ეს განცხადება საპატრიარქოში ვიზიტის შემდეგ გააკეთა. მისივე თქმით, საპატრიარქოში ილია II-ის აღსაყდრების იუბილის წინასწარ მისალოცად მივიდა.

„საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა ქალბატონმა პრეზიდენტმა და ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისათვის.

რაც შეეხება შერიგებას, საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა ქალბატონმა პრეზიდენტმა და ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, ყოველთვის ვამბობდი, რომ რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არის, რაც ქვეყანას წარსულში აბრუნებს და არ მიჰყავს წინ. შესაბამისად, ამიტომ, უნდა გავაკეთოთ მარტივი რამ, ყველამ უნდა ვეცადოთ ქალბატონი პრეზიდენტის ინიციატივას, დავეხმაროთ იმ შესაძლებლობებით, რაც ჩვენ გვაქვს.

ჩვენ გვაქვს ის შესაძლებლობები, რომ ყველა ჩვენი წარმომადგენლობა საკანონდებლო დონეზე, ჩვენი ინიციატივები, ყველაფერი იქნება განსაზღვრული იმით, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ამ მისიის შესრულებაში, რომელიც მარტივი არ იქნება, დავეხმაროთ.

კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება, ეროვნული შეთანხმების კონტექსტში, ზუსტად რომ აფერხებს ამ შეთანხმებას. ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხზე, როგორიც არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, მართლმსაჯულების სისტემა, კიდევ ბევრი რამ, დეოკუპაცია და ბევრი რამ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, შიმშილობა არის პროტესტის ფორმა, თუმცა ის არ მოიტანს იმ შედეგს, რომელიც ქვეყანას სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი