ახალი ამბები

„მაკდონალდსის“ გვერდით მოუწევთ შიმშილობა — სუბარი ენმ-ზე

22 დეკემბერი, 2021 • 1549
„მაკდონალდსის“ გვერდით მოუწევთ შიმშილობა — სუბარი ენმ-ზე

„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შიმშილობაზე საუბრისას ამბობს, რომ ისინი „მაკდონალდსთან“ იქნებიან და თუ მოინდომებენ, მიირთმევენ ჰამბურგერებს.

სუბარმა დღეს ჟურნალისტებთან თქვა, რომ შიმშილობით არ წყდება, „ადამიანი დამნაშავეა თუ არა და მოიხადოს თუ არა სასჯელი“.

„შიმშილობის უფლება ყველას აქვს. ახლა რომ ვთქვა, იშიმშილონ, ცოტა ცინიკური იქნება ჩემი მხრიდან, მაგრამ მათ ნებაში, ბუნებრივია, ვერ ჩავერევი. თვითონაც მიხვდებიან, რომ ძალიან უაზრო აქცია წამოიწყეს, კარგი იქნება, რომ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნდნენ და მიხეილ სააკაშვილის უნდა მიხვდეს, რომ როგორი შეცდომაც იყო ქვეყანაში შემოპარვა და იმის იმედად ყოფნა, რომ ასიაათასობით ადამიანი გამოვიდოდა ქუჩაში და ყველა ხელში ატაცებულს აიყვანდა თანამდებობაზე და ოლიმპზე.

ასევე შეცდომაა, ახლა რომ აშანტაჟებს თავის თანაგუნდელებს, რომ მათ შიმშილობით ან რაიმე ტიპის აქციებით აიძულონ ხელისუფლება ან ვინმე, სააკაშვილი გამოვიდეს ციხიდან. სააკაშვილი მოიხდის სასჯელს, პარალელურად გრძელდება სასამართლო პროცესი და არაფერი საერთო ამას პოლიტიკასთან არ აქვს“ ,— ამბობს სუბარი.

ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, რაზე დაყრდნობით ამბობს ის, რომ სააკაშვილმა თანაგუნდელები აიძულა, რომ ეშიმშილათ, დეპუტატი პასუხობს:

„მე დაგეთანხმებით, სააკაშვილმა არ აიძულა, დაიწყეს თავისი სურვილით. რა მნიშვნელობა აქვს, „მაკდონალდსის“ გვერდით მოუწევთ შიმშილობა და თუ მაინც მოინდომებენ, მსუბუქი შიმშილობა ჰქონდეთ, პაშტეტების ნაცვლად, რასაც მათი პრეზიდენტი მიირთმევდა, მიირთმევენ მაკდონალდსის ჰამბურგერებს“.


გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ პარტია იწყებს მასობრივ შიმშილობას. შიმშილობისთვის კახეთის გზატკეცილზე, პარტიის ოფისთან სპეციალური სივრცეების მოწყობა გუშინ ღამით დაიწყეს.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტი რიცხვი, თუ რამდენი ადამიანი შეუერთდება შიმშილობას, თუმცა „ნეტგაზეთს“ პარტიაში უთხრეს, რომ რიცხვი 100-ს აღემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი