ახალი ამბები

პრეზიდენტმა სამადაშვილი და სხვა ოპოზიციური ლიდერები მიიღო

21 დეკემბერი, 2021 • 1240
პრეზიდენტმა სამადაშვილი და სხვა ოპოზიციური ლიდერები მიიღო

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრები გრძელდება. დღეს მის ადმინისტრაციაში მივიდა დეპუტატი სალომე სამადაშვილი, ასევე „ლელოს“ დამფუძნებლები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

ნეტგაზეთთან საუბრისას სამადაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყნის სხვადასხვა გამოწვევაზე, მათ შორის პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, საგარეო საფრთხეებზე – „ასევე პოლიტიკური თამაშის წესებზე გავცვალეთ აზრები“.

„მე არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ მას გულწრფელი სურვილი არ აქვს, რომ ეს პროცესი იყოს შედეგიანი და ვფიქრობ, რომ კარგად ესმის გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. თვითონ პროცესისგან რა გამოვა რეალურად, ეს პროცესი რამდენად შედგება – იქნება თუ არა შედეგიანი, ეს მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული, ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, “ქართული ოცნების” პოზიციებზე. იმიტომ, რომ ეს არის მმართველი გუნდი, მას შეუძლია გადადგას ნაბიჯები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პროცესს, ან პირიქით, ჩიხში შეიყვანს – ამიტომ, საბოლოო შედეგი რა იქნება, ვერ გეტყვით.

ვერ ვიტყვი, რომ ან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ოპტიმიზმი ან მომეატა, ან დამაკლდა. ნამდვილად ვერ გეტყვით. რთული პროცესია და მე მზად ვარ, თუ რამე შემიძლია გავაკეთო ამ პროცესის წარმატებისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე ილუზია მაქვს, რომ ეს იქნება მარტივი ამოცანა“, – ამბობს სამადაშვილი.

სამადაშვილი შეხვედრის ფორმატსაც აღწერს და განმარტავს, რომ დღეს პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა. ჩვენს კითხვაზე, თუ ახსენა მასთან საუბრისას პრეზიდენტმა შერიგება და რა კონტექსტში, ის გვპასუხობს:

„მე მგონი, ეს პროცესი, რასაც სხვადასხვა რამეს ეძახის ყველა – ზოგი დიალოგს, შერიგებას და ა.შ.-  მე მგონი, აქ საუბარია იმაზე, რომ ქვეყანა არის შესული ჩიხში და ამ ჩიხიდან გამოსავლისთვის აუცილებლია რაღაცნაირი საზოგადოებრივი დიალოგი და ამ დიალოგის ხელშეწყობა სურს პრეზიდენტს – მე ასე მესმის“, – განმარტავს სალომე სამადაშვილი.


ბოლო დღეებში საქართველოს პრეზიდენტი აქტიურად მართავს შეხვედრებს. ის უკვე შეხვდა ყოფილ პრეზენტს გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პატრიარქსა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ეს პროცესი გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი