ახალი ამბები

ნანუკა ჟორჟოლიანი სდს-სთან აქციაზე დააჯარიმეს

20 დეკემბერი, 2021 •
ნანუკა ჟორჟოლიანი სდს-სთან აქციაზე დააჯარიმეს

“მთავარი არხის”  წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი 20 დეკემბერს გამართული აქციის შემდეგ 80 ლარით დააჯარიმეს.

ჟორჟოლიანმა  ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სხვა მომხრეებთან ერთად აქცია გამართა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის შენობასთან და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სახელმწიფო თანხების გაფლანგვის საქმეში [ე.წ. პიჯაკების საქმე] მტკიცებულებებად მოყვანილი ნივთები მიიტანა. მათ შორის ჩაის შეკვრა, თხილი, საბავშვო სათამაშოები და წიგნი.

ფოტო: ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟორჟოლიანის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიასთან ერთად უნდა იხილებოდეს გსახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის საქმეც, რადგან ჟორჟოლიანის თქმით, “მათთან ერთად ჩუბინიძეც აწერდა ამ ხარჯებს ხელს”.

აქციის მონაწილეებმა ეს ნივთები შენობასთან დატოვეს, რაც ჟორჟოლიანის 80 ლარით დაჯარიმების საფუძველი გახდა.

ჟორჟოლიანის თქმით,  პოლიციამ ის ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად  [ 2 კგ მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება] 80  ლარით დააჯარიმა.

“მოსალოდნელი იყო მათგან ეს, თუმცა სამართლებრივი ნორმა არ არსებობს, რომლითაც ამ ჯარიმის გადახდა მომიწევს. ამ შემთხვევაში ჯარიმა არ არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ არ უნდათ გარკვეული პრეცედენტების შექმნა. მსგავს უწყებებთან აქციებზე ყოველთვის ცდილობენ რეაგირების მოხდენას, რომ ადამიანებს იქ მისვლის მოტივაცია დაუკარგონ.

მე იქ ნაგავი არ დამიტოვებია. ყველაფერი გამოუყენებელი იყო და ნაგვად ვერ ჩათვლიდნენ. ასევე, ნაგავი ვერ იქნებოდა წიგნები, სათამაშოები, თხილი და ჩაი, რომელიც გახსნილიც არ იყო. სწორედ იმიტომ იყო ასეთი შეფუთული, რომ არ ყოფილიყო მათგან პრეტენზია ლეგიტიმური, რომ ეს იყო ნაგავი”, – განმარტა ჟორჟოლიანმა “ნეტგაზეთთან”.

ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს და მის გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.

“თუ სასამართლო დამაკისრებს, ნებისმიერ ჯარიმას გადავიხდი, მაგრამ მაინტერესებს, სასამართლო ჩათვლის თუ არა ამ ნივთებს ნაგვად”, – განაცხადა მან.


ამავე თემაზე ნახეთ ვრცლად:

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? — ღარიბაშვილი სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი