ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სკოლა-ინტერნატი ცხინვალში | სამხრეთ ოსეთში მეურვეობის შესახებ კანონს ელოდებიან

20 დეკემბერი, 2021 • 1858
სკოლა-ინტერნატი ცხინვალში | სამხრეთ ოსეთში მეურვეობის შესახებ კანონს ელოდებიან

ავტორი: ირინა იანოვსკაია, ცხინვალი


“2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ბავშვთა ფონდის დახმარებით “რუსეთის რკინიგზის” თავმჯდომარეს მივმართე და ჩვენი შენობის შესახებ შევატყობინე, რომელიც ომის შემდეგ სავალალო დღეში იყო. დაგვიკავშირდნენ ორგანიზაციის სოციალური დეპარტამენტიდან, რის შემდეგაც რკინიგზამ ჩვენთვის მიზნობრივი დახმარება, 220 მილიონი რუბლი გამოყო, რომლითაც კორპუსის რეკონსტრუქცია ჩატარდა და კიდევ სამი ახალი შენობა აშენდა. უკვე 2009 წელს თანამედროვე, აღჭურვილ და კომფორტულ შენობაში ვიყავით ”, – ამბობს ცხინვალის ბავშვთა სკოლა-ინტერნატის ხელმძღვანელი როლანდ თადეევი. 

ამ შემთხვევის შემდეგ გრძელდება ცხინვალის სკოლა ინტერნატისა და “რუსეთის რკიგნიგზის” თანამშრომლობა. ყოველ წელს 15 აღსაზრდელს რუსეთში, ვორონეჟში, “რკინიგზის” ბანაკში გზავნიან.

ცხინვალში ერთადერთი სკოლა-ინტერნატი 1991 წლიდან ფუნქციონირებს. დღეს აქ 190 აღსაზრდელი ირიცხება.

ინტერნატის სრული სახელწოდება კი ასე ჟღერს: “ობოლ და მეურვეობის გარეშე დარჩენილ ბავშვთა ცხინვალის სკოლა -ინტერნატი”. სახელწოდებითაც ადვილი მისახვედრია, რომ სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელთა ძირითად კონტინგენტს ის ბავშვები შეადგნენ, ვისაც არ ჰყავს ცოცხალი მშობლები ან მშობელი, ასევე, აქ არიან ბავშვები მრავალშვილიანი და ღარიბი ოჯახებიდან, ბავშვები სპეციალური საჭიროებებით და იმ სოფლებიდან, სადაც უბრალოდ სკოლა არ არსებობს.

ინტერნატის არსებობის ისტორიის განმავლობაში ერთეული შემთხვევაა, როდესაც აქედან ვინმე იშვილეს. ამასთან, სამხრეთ ოსეთში არ არსებობს კანონი “ზრუნვისა და მეურვეობის” შესახებ. შესაბამისად, სკოლის აღსაზრდელთა ნათესავებისთვის და ახლობლებისთვის მეურვეობის გასაფორმებლად ძალიან რთული, ხანგრძლივი პროცესია გასავლელი.

ცხინვალის სკოლა-ინტერნატი; ფოტო: ნეტგაზეთი/ირინა იანოვსკაია

წინასწარი ინფორმაციით, კანონი ამჟამდ მუშავდება და შესაძლოა, შემდეგი წლისთვის ძალაშიც შევიდეს.

სკოლა-ინტერნატში ერთი სკოლამდელი ჯგუფია 11 აღსაზრდელით. 

ასევე, ორიდან შვიდამდე გაიზარდა კლასები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, სადაც სულ 22 ბავშვი სწავლობს. სწავლება პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით ოსურ ენაზე მიმდინარეობს, შემდეგ კლასებში კი საგნების რუსული ენით ჩანაცვლება ხდება. 

190-დან ღამის სკოლა-ინტერნატში 60 ბავშვი რჩება ხოლმე.

სწავალის გარდა, არსებობს დამატებითი წრეები – ეროვნული ცეკვების, სიმღერის, სამაგიდო ჩოგბურთის, ჭადრაკის, ხატვის. ბავშვებისთვის ცხინვალის სპორტის სასახლე “ოლიმპში” წყლის პოლოც ტარდება, ასევე, არსებობს სახელოსნოები ბავშვთა სასახლეში. დაკავებული არიან მეფუტკრეობითაც, რის გამოც ინტერნატის სასადილოს მენიუში ნატურალური თაფლიც მუდამ აქვთ. 

სად მიდიან ბავშვები სრულწლოვანების შემდეგ

ოფიციალური ინფორმაციით, საჭიროების მქონე სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელებისთვის თავიდან იხსნება საბანკო ანგარიში, სადაც ერიცხებათ ე.წ. პენსია. 18 წელს მიღწევის შემდეგ კი, როგორც სკოლის ხელმძღვანელი ამბობს, ამ თანხის განკარგვა შეეძლებათ.

“ადრე ბავშვის პენსია ინტერნატშივე მოჰქოდათ ხელზე, რომელსაც ზოგიერთი მშობელი იღებდა და ხარჯავდა. ეს პრაქტიკა ძალიან არ მომწონდა. 2008 წელის შემდეგ, როდესაც მეცენატები ჩამოვიდნენ ჩვენთან და ფულადი დახმარება შემოგვთავაზეს ბავშვებისთვის. მაშინ ვიფიქრე, რომ სწორი იქნებოდა, ანგარიშები გაგვეხსნა აღსაზრდელებისთვის. პირველი თანხებიც სწორედ მათგან ჩაირიცხა, 10-10 ათასი რუბლი. აქვე იდეა გამიჩნდა, რომ მათი პენსიებიც ანგარიშებზე ჩარიცხულიყო. ამ საბანკო ანგარიშებს სხვა სპონსორებიც ავსებენ. საკმაოდ დიდი თანხები გროვდება, რომელსაც ატესტატებთან ერთად ეს ბავშვები მიიღებენ და საწყისი კაპიტალი ექნებათ”, – გვეუბნება როლანდ თედეევი, სკოლა-ინტერნატის დირექტორი. 

ინტერნატის ყოფილი მოსწავლე მილენა დოგუზოვა ერთადერთი გოგონაა სამხრეთ ოსეთიდან, რომელსაც დიდი მიღწევები აქვს სპორტის ისეთ სახეობაში, როგორიცაა მკლავჭიდი. ის რუსეთის ოთხგზის ჩემპიონია მკლავჭიდში და რუსეთის სახელით ევროპის პირველობაზე და მსოფლიო პირველობაზე წარმატებით ასპარეზობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი