ახალი ამბები

ტალახაძემ, „ჰალკმა“ და სხვებმა სათამაშო ბიზნესს მხარდაჭერა გამოუცხადეს

20 დეკემბერი, 2021 • 3058
ტალახაძემ, „ჰალკმა“ და სხვებმა სათამაშო ბიზნესს მხარდაჭერა გამოუცხადეს

სპორტსმენების ნაწილი აცხადებს, რომ მხარს უჭერს სათამაშო ბიზნესის ასოციაციას და მთავრობას მოუწოდებენ, არ მიიღონ სათამაშო ბიზნესის რეგულაციები, რამაც ბიზნესს შესაძლოა უბიძგოს, სპორტის სპონსორობაზე უარი თქვან.

სპორტსმენები დღეს „თბილისის მერიოტში“ „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ ორგანიზებულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე შეიკრიბნენ.

გამომსვლელთა შორის იყვნენ ლევან საღინაშვილი, ლაშა ტალახაძე და ნინო ოძელაშვილი.

მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა (მეტსახელად „ქართველმა ჰალკმა“) „ნეტგაზეთს“ უთხრა:

„შეიძლება საჭიროა რეგულაციები, არ ვარ პირადად წინააღმდეგი, მაგრამ წინააღმდეგი ვარ იმის, რომ ეს რეგულაციები შეეხოს სპორტს იმ სახით, რომ სათამაშო ბიზნესს დაეკარგოს სპორტის სპონსორობის ინტერესი“.

„პირადად ჩემზე შემიძლია ვთქვა, რომ თუ კანონი ამ სახით მიიღეს და შეწყდა დაფინანსება, სპონსორობის გარეშე მომიწევს ქვეყნიდან წასვლა, ან სპორტისთვის თავის დანებება, რადგან ეს არის ჩემი ერთადერთი შემოსავალი. ამის გარეშე, უბრალოდ, საჭმელიც არ მექნება“, – განუცხადა მან „ნეტგაზეთს“.

„მივმართავ ყველას, ვისაც ეხება, არ მიიღონ ამ სახით ეს კანონი, რადგან ქართული სპორტისთვის ძალიან ცუდი შედეგები ექნება“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა სათამაშო ბიზნესს და განაცხადა: „ქართველ სპორტსმენებს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მეტ წარმატებას მივაღწიოთ“

„ალბათ, სამწუხარო იქნება ის ფაქტი, თუ რომელიმე სპორტსმენი დარჩება დაფინანსების გარეშე“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

სამბოში მსოფლოსა და ევროპის ჩემპიონი ნინო ოძელაშვილი აცხადებს, რომ „ქართული სპორტი უნდა განვითარდეს, ხელი შეეწყოს მის განვითარებას“. მისი თქმით, სათამაშო ბიზნესი გვერდში ედგა სპორტსმენებს.


პარლამენტმა 17 დეკემბერს მეორე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც აზარტული თამაშების რეკლამას კრძალავს, თამაშს მილიონამდე ადამიანს უზღუდავს და ითვალისწინებს ონლაინ აზარტულ თამაშების ორგანიზატორი კომპანიების ახლებურად დაბეგვრას.

13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს სხვადასხვა მიმართულებით.

კერძოდ:

  • სრულად იკრძალება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში არსებული სათამაშო ბიზნესის რეკლამირება (თუმცა სპონსორობა კვლავ დაშვებული იქნება);
  • სრულად იკრძალება 25 წლამდე პირებისთვის თამაში;
  • ონლაინ სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მექანიზმი იცვლება.

ცვლილებები რამდენიმე კანონში შედის, მათ შორის, ახალი შეზღუდვების პარალელურად, ამ შეზღუდვების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია, რომელიც სათამაშო ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს აერთიანებს, აცხადებს, რომ თუკი პარლამენტი სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ რეგულაციებს მიიღებს, სათამაშო ბიზნესის სექტორი უარს იტყვის სპორტის სპონსორობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი