ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჩავუშოღლუ იმედოვნებს, რომ საქართველო 3+3 ფორმატს შეუერთდება

20 დეკემბერი, 2021 • 2039
ჩავუშოღლუ იმედოვნებს, რომ საქართველო 3+3 ფორმატს შეუერთდება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, რეგიონული თანამშრომლობის ფორმატის „3+3-ის“ მომდევნო შეხვედრა, შესაძლოა, თურქეთში გაიმართოს და იმედი აქვს, რომ მასში მონაწილეობას საქართველოც მიიღებს.

ამის შესახებ ჩავუშოღლუმ „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისთვის, ისლამაბადში ყოფნისას განაცხადა.

„3+3-ის“ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატის იდეა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გაჩნდა და გულისხმობს სამი კავკასიური ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის და სამი რეგიონული მოთამაშის, რუსეთის ფედერაციის, თურქეთისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებას.

ფორმატის პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა მოსკოვში, თუმცა მას საქართველო არ დაესწრო, რადგან ოფიციალური თბილისის პოზიციის თანახმად, საქართველო იმ ფორმატში ვერ ჩაერთვება, სადაც რუსეთის ფედერაცია, მხარე რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს, მონაწილეობს.

მიუხედავად საქართველოს პოზიციისა, მოსკოვში მხარეების შეხვედრისას, ქართული დროშა მაინც გამოიყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი