ახალი ამბები

იმისათვის, რომ მე გამოვიდე ციხიდან, ჯერ თქვენ უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში – სააკაშვილი მხარდამჭერებს

17 დეკემბერი, 2021 • 1430
იმისათვის, რომ მე გამოვიდე ციხიდან, ჯერ თქვენ უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში – სააკაშვილი მხარდამჭერებს

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, იმ ადამიანთა რიგებშია, ვინც დიალოგის შეთავაზებას ემხრობა, თუმცა მნიშვნელოვანია შედეგის დანახვაც, “რაც შეიძლება სწრაფად”. განცხადება სააკაშვილმა ფეისბუკზე გაავრცელა და მომხრეებს მოუწოდა, შეუერთდნენ 21 დეკემბერს მის მხარდასაჭერად დაგეგმილ აქციას.

“ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარება ვერ აიტანს დაყოვნებას. ამიტომაც, იმისათვის, რომ რეკონსილიაციის პროცესი დაჩქარდეს და რეალური კონტურები შეიძინოს, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ პოლიტიკურ ცვლილებებს, 21 დეკემბერს ბევრნი უნდა ვიყოთ.

ცალკე მინდა მივმართო ჩემს მომხრეებს: ვიცი, როგორ შეგტკივათ გული და როგორ დაუღალავად იბრძვით ჩემი თავისუფლებისა და სიცოცხლისთვის. მინდა გაითვალისწინოთ, იმისათვის, რომ მე გამოვიდე ციხიდან, ჯერ თქვენ უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში და რაც შეიძლება მძლავრი მშვიდობიანი პროტესტი დაანახოთ ხელისუფლებას!” — დასძენს ის.

სააკაშვილის თქმით, ხსენებული პროტესტი “დააჩქარებს კრიზისის დაძლევასაც და დიალოგსაც”, ასევე უზრუნველყოფს მის “თავისუფლებასაც და ფიზიკურ გადარჩენასაც”.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც ის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.

მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა.

შიმშილობის 49 დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული. აქედან ორ საქმეში სააკაშვილი მსჯავრდადებულია და პატიმრობაც აქვს მისჯილი, სხვა საქმეებთან მიმართებით კი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული.

ამჟამად სასამართლოში 7 ნოემბრისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის საქმეთა განხილვა მიმდინარეობს. თავად ექსპრეზიდენტი ყველა ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი