ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ეზოში კოცონი, სახლში შეშის ღუმელი | აფხაზეთში ელექტროენერგიის კრიზისი გრძელდება

17 დეკემბერი, 2021 • 1832
ეზოში კოცონი, სახლში შეშის ღუმელი | აფხაზეთში ელექტროენერგიის კრიზისი გრძელდება

ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი


აფხაზეთის მასშტაბით, შესაძლო საავარიო შემთხვევების პარალელურად, ყოველდღიურად 2-დან 4 საათამდე ელექტროენერგიის გეგმური გათიშვა დააანონსეს. მაგალითად, სოხუმში, ქალაქის ცენტრში შუქი დღე-ღამეში ორჯერ, ერთი საათით, სხვა რაიონებში კი ოთხჯერ ჩაქრება. 

ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის როგორც დაგეგმილი, ასევე ავარიული მიზეზით გათიშვის გამო ადამიანებს დღე-ღამის განმავლობაში ფაქტიურად გათბობის გარეშე, სიცივეში უწევთ ცხოვრება.

სახლების გასთბობად ბევრი ოჯახი ისევ შეშის ღუმელს დაუბრუნდა. მათ კი, ვინც კერძო და ბუხრიან სახლში ცხოვრობს, მეტად გაუმართლათ. ასეთ შემთხვევაში, გათბობის მილებს პირდაპირ საკვამურთან აერთებენ და მთელ სახლს ათბობენ. თბილი ჰაერი წყალს აცხელებს, ცხელი წყალი მილებში კი სითბოს გამოყოფს.

ბუნებრივი აირით გათბობის კი აფხაზეთში სიცივეზე მეტად ეშინიათ. 

“ჩვენთან ნორმალური ელექტროენერგიის მოწოდება ვერ ხდება და უსაფრთხო გაზმომარაგებას, სახლებში ამ სისტემის კონტროლს როგორ შეძლებენ. რუსეთის ახალ ამბებში ლამის ყოველდღე ვისმენთ, რომ სახლი აფეთქდა გაზის გამო. არადა, ჩვენთან შედარებით იქ ბევრად მოწესრიგებულია ყველაფერი”, – ამბობს სოხუმში, ჭანბას ქუჩაზე მცხოვრები ქალი. 

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ელექტროენერგიას უკავშირდება, სასმელი წყლის მოწოდებაა. წყალსაქაჩები იმდენად სუსტი სიმძლავრით მუშაობს, მილებში წყალი არ შედის. ამიტომაც, როდესაც ელექტრონერგია ითიშება, წყალიც წყდება.

სოხუმში აღნიშნული პრობლემის მოგვარება დამატებითი წყალსაქაჩების ყიდვით გადაწყვიტეს. როგორც სოხუმის წყალმომარაგების მთავარი ინჟინერი, მერაბ ანქვაბი ამბობს, ქვესადგურებს ელექტროენერგიის გათიშვის დროსაც ექნებათ შესაძლებლობა, წყალსაქაჩი სადგურების ენერგომომარაგება უზრუნველყონ.

ჯვრის წყალსაცავში წყლის დონის სრულ დაწევამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. თუმცა, როგორც პარლამენტის დეპუტატებს პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ შეატყობინა, აფხაზეთმა კვლავ სთხოვა რუსეთს ელექტროენერგიით დახმარება. მისი თქმით, მოთხოვნის დოკუმენტი რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელმა 14 დეკემბერს მიიღო.

თუმცა რუსეთიდან ელექტროენერგიის მოწოდება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ  პრობლემა მოგვარდება და განრიგი აღარ იქნება საჭირო. პირიქით, ეს განრიგი უფრო ხისტი გახდება. ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაციაც, რომ ელექტროენერგიის მოწოდება დღე-ღამეში 8 საათით შეწყდება.

თუკი წინა წელს გავიხსენებთ, ზუსტად რუსული ელექტროენერგიის მოწოდების დროს შემოიღეს დროებითი გათიშვები, რადგან ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის რემონტის დროს გამოყოფილი კვოტები არ იქნებოდა საკმარისი. 

მიმდინარე წელს ელექტროენერგიის მოხმარება წინა წელთან შედარებით, ჩერნომორენერგოს ცნობით, გაცილებით მეტია. მიზეზი კრიპტოვალუტის მოპოვებაა, რაშიც ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს. 

აფხაზეთის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მოძრაობა “აიდიგლარას” ხელმძღვანელმა, გარი კოკაიამ განაცხადა, რომ კომპანია “ჩერნომორენერგოს” წარმომადგენლები ჯერ კიდევ შეზღუდვების დაწესებამდე შეხვდნენ მოსახლეობას და გააფრთხილეს, რომ თითოეულ ოჯახს მაინინგის ხუთ აპარატზე მეტის დადგმის უფლებას არ მისცემდნენ და მცირე კრიპტროფერმებს პრობლემა არ შეექმნებოდათ. 

გარი კოკაიას თქმით, როდესაც ხელისუფლება მაინინგის ლეგალიზებაზე საუბრობდა, ყველამ, ვისაც ამის შესაძლებლობა ჰქონდა, კრიპტოვალუტის მოპოვების დანადგარები შეიძინა.

აფხაზეთის საბაჟო სამსახურის ცნობით, მაშინ 60 ათასი აპარატი იყო აფხაზეთში შემოტანილი. თუმცა, სანამ მათი მფლობელები საჭირო ნებართვებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის მოპოვებას ცდილობდნენ, აფხაზეთში მაინინგი აიკრძალა.

ამასთან, კოკაია აცხადებს, რომ თავიდანვე ნათელი იყო, აფხაზურ “კრიპტოსამოთხეს” მომავალი არ აქვს, რადგანაც 60- წლიანი ექსპლუატაციის მქონე ენერეგოსადენები ელექტროენერგიის დიდ დატვირთვას ვერ გაუძლებდა. საბოლოოდ, ადამიანები დარჩენენ ვალებითა და აკრძალული აპარატურით, შესაბამისად, დაიწყეს არალეგალური საქმიანობა. ამიტომაც, ადამიანების დადანაშაულება არ იქნებოდა სწორი – ისინი უბრალოდ გადარჩენას ცდილობენ.

“ჩერნომორენერგოს” გენერალური დირექტორის მოადგილის, ზურაბ ბაღაფშისთვის ყველაფერში დამნაშავე არაკეთილსინდისირი მოქალქეები არიან, რომლებიც მაინინგ აპარატების მუშაობას არ აჩერებენ.

სანამ ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ შეთანხმებულან, ვინაა დამნაშავე, ადამიანები ისე ახერხებენ გადარჩენას, როგორც შეუძლიათ. 

საღამოობით შუქს ეზოებში დანთებულ კოცონთან უცდიან. დღის საოჯახო სააქმეებსაც  სწორედ ელექტროენერგიის განრიგიდან გამომდინარე გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი