ახალი ამბები

“ქურდული სამყარო“ პატიმრებს მოუწოდებს, ციხეებში წამების მსხვერპლი თანამესაკნეები არ გარიყონ

16 დეკემბერი, 2021 • 3410
“ქურდული სამყარო“ პატიმრებს მოუწოდებს, ციხეებში წამების მსხვერპლი თანამესაკნეები არ გარიყონ

სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ ვრცელდება ე.წ. ქურდული სამყაროს წერილი (“პრაგონი”), რომელშიც ავტორები მხარდაჭერას უცხადებენ რუსეთის ციხეში გაუპატიურებისა და წამების მსხვერპლებს და სხვა პატიმრებს ინსტრუქციას აძლევენ, რომ დაზარალებულები საკუთარი რიგებიდან არ გარიყონ.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამ პროცესმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ციხეებში წამების ფაქტების შემცირებაზე.

ე.წ. კანონიერი ქურდების წერილს არ ჰყავს ერთი ან რამდენიმე კონკრეტული ავტორი, არამედ ხელმოწერილია მთელი ჯგუფის მიერ და როგორც ავტორები ამბობენ – ეხება ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებას რუსეთში.

„მათი დამცირება და მათზე დაცინვა  არაადამიანურია. რადგან ადამიანურად მათ მიმართ მხოლოდ თანაგრძნობა შეიძლება გაგიჩნდეს“, – წერია წერილში.

 

რაც შეეხება წერილის ავთენტურობას, ორგანიზაცია Gulagu.net-ის დამფუძნებელი, ვლადიმირ ოსეჩკინი დარწმუნებულია, რომ ეს ე.წ. პრაგონი – ნამდვილია. Gulagu.net იყო სწორედ ის ორგანიზაცია, რომელმაც გაასაჯაროვა ციხეებში წამების ამსახველი კადრები.

კითხვაზე, თუ რატომ არ აწერია წერილს ხელმომწერთა სახელები, როგორც ეს სხვა შემთხვევაში ხდება ხოლმე, ოსეჩიკინი BBC-ის რუსულ ბიუროსთან ინტერვიუში ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ავტორების წინააღმდეგ შესაძლოა ახალი სისხლისსამართლებრივი დევნა წამოწყებულიყო.

ასეთ შესაძლებლობას ითვალწინებს რუსული სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე პრიმა მული, რომელიც კრიმინალური ჯგუფის ორგანიზებას გულისხმობს.

გაუპატიურება, წამება და არაადამიანური მოპყრობა რუსეთის ციხეებში

ბოლო თვეებია რუსეთში სოციალურ ქსელებსა და მედიაში აქტიურად ვრცელდება პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ცნობები – მათ შორის, ვიდეოარქივის ნაწილი. ვიდეომასალა 21 ოქტომბერს გამოაქვეყნა ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ – Gulagu.net , მათ შორის, თავის youtube არხზე.

ვიდეოები აღწერს სარატოვის ციხეში მომხდარ დანაშაულებს, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა, მათ შორის, პატიმართა გაუპატიურების არაერთ შემთხვევას. ვიდეოებში ჩანს, რომ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობას იღებდნენ ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის, აბამდნენ და იღებდნენ პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, ასევე აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

ვიდეომასალას დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა, დაიწყო რამდენიმე გამოძიება. გადააყენეს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორი.

რაც შეეხება თავად ვიდეოარქივს, Gulagu.net-ს კადრები გადასცა სერგეი საველიევმა, რომელიც სარატოვში სასჯელაღსრულების სამსახურის ერთ-ერთი საავადმყოფოში მუშაობდა – სათვალთვალო ვიდეოკამერების ადმინისტრატორად. ის ახლა საფრანგეთშია და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.

რას ცვლის ე.წ. კანონირი ქურდების წერილი?

BBC ოსეჩკინზე დაყრდნობით წერს, რომ თუ პატიმრები ამ წერილში მოცემულ ინსტრუქციას გაიზიარებენ, ეს წამებას ერთგვარად “ძალას” დაუკარგავს, რადგან პატიმრებს არა მხოლოდ ციხის ადმინისტრაციის ძალადობა აშინებთ, არამედ ისიც, რომ ამის შემდეგ მთელი კოლონია მათ ზურგს შეაქცევს და დაამცირებს.

შესაბამისად, ოსეჩკინის თქმით, ახლა ძალოვანი სისტემის ინტერესშია, რომ წერილის ავთენტურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი