ახალი ამბებიეკონომიკა

საქართველოში ინფლაციის მაღალი დონე ტურიზმზე დამოკიდებულების შედეგიცაა – გვენეტაძე

16 დეკემბერი, 2021 • 1057
საქართველოში ინფლაციის მაღალი დონე ტურიზმზე დამოკიდებულების შედეგიცაა – გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთთან შედარებით, მაღალი ინფლაცია, მათ შორის, ქვეყნის ტურიზმის სექტორზე დამოკიდებულებით აიხსნება.

ამის შესახებ მან დღეს, 16 დეკემბერს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. გვენეტაძემ საქართველოში მაღალი ინფლაციის ერთ-ერთ მიზეზად აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი დაასახელა.

„გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ მას ჰკითხა, თუ ინფლაცია საქართველოში აზერბაიჯან-სომხეთის ომს უკავშირდება, რატომ არ არის ის უფრო მაღალი უშუალოდ იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩართულნი იყვნენ საომარ მოქმედებებში.

„საქართველოში ინფლაცია არის უფრო მაღალი რიგი პირობების გამო.

ეს დამოკიდებულია, სხვა ფაქტორებთან ერთად, იმ შოკის ხასიათზე, რომელსაც ქვეყანა განიცდის. საქართველო არის ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანა. მოგეხსენებათ, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები იზრდებოდა, რაც ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რადგან ტურიზმი არის ის სექტორი, რომელსაც შეუძლია მოკლე პერიოდში დააგენერიროს დიდი შემოსავლები, თუმცა, როდესაც ასეთი სახის შოკი მოხდა, პანდემია, რომელმაც მობილობას დაარტყა და ჩაიკეტა ტურიზმი, საქართველომ დიდი თანხა, დაახლოებით სამი მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა. აქედან გამომდინარეა, რომ შოკი უფრო მაღალია.

საქართველოს შემთხვევაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 1 მილიარდი დოლარით გაუარესდა, აზერბაიჯანსა და სომხეთში, რადგან მათი ეკონომიკა სხვანაირია, ეს ასე არ ყოფილა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ პარლამენტში დეპუტატის კითხვის საპასუხოდ.

გვენეტაძის განცხადებით, ინფლაციაზე გავლენა სახელმწიფოს მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამასაც ჰქონდა, რომელმაც ჯერ სტატისტიკურად შეამცირა ინფლაცია, პროგრამის დასრულების შემდეგ კი მეთოდოლოგიურად, გაზარდა.

კობა გვენეტაძის თანახმად, ოქტომბრის თვეში აზერბაიჯანში ინფლაციის დონე 10 პროცენტი იყო, ხოლო სომხეთში – 9.6 პროცენტი.

საქართველოში ნოემბრის თვეში წლიური ინფლაცია 12.5 პროცენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი