ახალი ამბები

„საქართველოს მმართველობის ინდექსი“ – რა გამოწვევების წინაშეა სახელმწიფო

16 დეკემბერი, 2021 • 1562
„საქართველოს მმართველობის ინდექსი“ – რა გამოწვევების წინაშეა სახელმწიფო

„საქართველოს მმართველობის ინდექსი“ უჩვენებს, რომ საქართველოს არაერთი გამოწვევა აქვს დემოკრატიის, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების, სოციალურ-ეკონომიკური და საგარეო/უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით.

საქართველოს მმართველობის ინდექსი (GGI), რომელიც ქვეყანას ოთხი მიმართულებით აფასებს,  – ხოლო შეფასების სისტემა 40 ექსპერტის  გამოკითხვას ეფუძნება, – კვლევითმა ინსტიტუტმა, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა“ შეიმუშავა. ეს ოთხი მიმართულებაა:

  • დემოკრატია და ადამიანის უფლებები (დემოკრატიული მმართველობა),
  • სახელმწიფოებრიობა და სახელმწიფო ინსტიტუტები (ეფექტიანი მმართველობა),
  • სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა (სოციალურ-ეკონომიკური მმართველობა)
  • საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (საგარეო მმართველობა).

როგორც ჩარტიდან ჩანს, შედეგების მხრივ მმართველობის ინდექსი, მთლიანობაში, 2021 წელს საქართველოს არასახარბიელო მდგომარეობას აჩვენებს.

როდესაც მმართველობის ოთხივე მიმართულების მაჩვენებლები მკვლევრებმა 100-ქულიან შკალაზე შეაფასეს, აღმოჩნდა, რომ ვერც ერთ მიმართულებაში ქვეყანა 50 ქულასაც კი ვერ აგროვებს.

კორნელი კაკაჩია, GIP-ის ხელმძღვანელი, „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ინდექსმა გამოავლინა, რომ საქართველოს დაბალი მაჩვენებლები აქვს მმართველობის ოთხივე მიმართულებით.

მონაცემები განსაკუთრებით სუსტია დემოკრატიული და ეფექტიანი მმართველობის კატეგორიებში, სადაც 100-დან მხოლოდ 27.5 და 22.5 ქულას იმსახურებს.

თუმცა დანარჩენ ორ კატეგორიაში მიღებული ქულებიც საშუალოზე დაბალია – 45 და 32.5.

„შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ დემოკრატიული მმართველობა და ეფექტიანი მმართველობა 2021 წელს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევათა ჩამონათვალის სათავეში მოექცა. მართლმსაჯულების აღსრულება და სასამართლო რეფორმების განხორციელება ყველაზე დიდ ჩავარდნად ფასდება, რასაც მოსდევს პანდემიის მართვა, სადავო არჩევნები და ევროკავშირის მედიაციის წარუმატებლობა“, – განმარტავენ ავტორები.

დემოკრატიული მმართველობა

დემოკრატიული მმართველობა, ინდექსის თანახმად, უსუსტესი რგოლია და 100-დან მხოლოდ 22.5 ქულით ფასდება.

მიზეზებს შორის კორნელი კაკაჩია რამდენიმეს ჩამოთვლის:

  • უწყვეტი პოლიტიკური კრიზისი,
  • სადავო არჩევნები,
  • მართლმსაჯულების რეფორმის ჩავარდნა,
  • 5 ივლისის ძალადობა ჟურნალისტებისა და ქვიარ აქტივისტების წინააღმდეგ,
  • პოლარიზაცია და პოლიტიკის რადიკალიზაცია და ა.შ.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ მართლმსაჯულების უზრუნველყოფა და განუხორციელებელი სასამართლო რეფორმა ექსპერტთა გამოკითხვისა და GIP-ის ინდექსის ანალიტიკოსთა გუნდის მიერ მმართველობის ოთხ კატეგორიას შორის ყველაზე პრობლემურ მიმართულებებად შეფასდა.

„მართლმსაჯულების და სასამართლო რეფორმების უზრუნველყოფა ასევე ის ერთადერთი კატეგორიები იყო, რომლებმაც GGI-ის ექსპერტთა გამოკითხვაში ვერ მიიღო ორნიშნა ქულა (შესაბამისად, 7.5 და 2.5 ქულა 100-დან)“, – წერია დოკუმენტში.

ეფექტიანი მმართველობა

ინდექსის თანახმად, ეფექტიანი მმართველობა კიდევ ერთი პრობლემური კატეგორია აღმოჩნდა, რომელსაც GGI-ის ექსპერტთა გამოკითხვით ბოლოდან მეორე ქულა მიენიჭა – 27.5 ქულა 100-დან.

„დემოკრატიული მმართველობის შემდეგ, მთავარ გამოწვევებს შორისაა არაფორმალური მმართველობა, პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალაუფლებაზე სახელმწიფოს მონოპოლიის გაუვრცელებლობა ყველა სოციალური სეგმენტის და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ“, – ვკითხულობთ ინდექსში.

ამ ნაწილში ავტორები ქვეკატეგორიად გამოყოფენ „შეზღუდული სახელმწიფოებრიობის გაფართოებული არეალს“ და მას ასე განმარტავენ:

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ულტრამემარჯვენე ჯგუფები 2021 წელს შეზღუდული სახელმწიფოებრიობის ახალ სეგმენტად განმტკიცდა, რომლის მიმართაც სახელმწიფო ხელისუფლება უარს ამბობს, გამოიყენოს ძალაუფლებაზე მონოპოლიის საკუთარი უფლება“.

ამის მაჩვენებლად ინდექსი ასახელებს 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ დროს ჟურნალისტების და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას.

ამასთან, ნახსენებია, რომ „კვლავ შეზღუდულია ძალაუფლებაზე სახელმწიფოს მონოპოლია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

„მეორე მხრივ, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების თაობაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებისთვის“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამ ნაწილში ავტორები არაფორმალურ მმართველობას უმთავრეს გამოწვევად ასახელებენ:

„არაფორმალური მმართველობა საქართველოს ეფექტიანი მმართველობის და სახელმწიფოებრიობის მთავარ გამოწვევად რჩება, რადგან ბიძინა ივანიშვილი მყარად ინარჩუნებს ზეგავლენას სახელმწიფო მართვის ორგანოებზე“.

ექსპერტთა კვლევით, არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლას 100-დან 12.5 ქულა მიენიჭა, რაც მესამე, ყველაზე დაბალი ქულაა მართლმსაჯულების უზრუნველყოფის და სასამართლო რეფორმის შემდეგ.

კიდევ ერთ უარყოფითად შეფასებულ პუნქტად დასახელებულია „შეფერხებული ანტიკორუფციული რეფორმები“, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა მიიღო საჯარო სერვისების მიწოდებამ (47.5).

სოციალური და ეკონომიკური მმართველობა

საქართველოს საქმიანობა სოციალური და ეკონომიკური მმართველობის კუთხით 100-დან 32.5 ქულით შეფასდა. ამ მიმართულებას, ავტორების შეფასებით, „სერიოზული გამოწვევები აქვს და გრძელვადიანი რეფორმირების ერთიანი ხედვა აკლია“.

„სახელმწიფო ხელისუფლებას არ გააჩნია ყოვლისმომცველი გრძელვადიანი სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, სოციალური ინკლუზია და შრომის ბაზარი. არასაკმარისი ყურადღება ეთმობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ექსპორტის დივერსიფიკაციას. სახელმწიფო მართვის ორგანოების და პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში პოლიტიკური მოსაზრებები და საარჩევნო კამპანიები დომინირებს“, – წერია ინდექსში.

ამავე ნაწილში ხაზგასმულია 2021 წლის ეკონომიკური ზრდა, თუმცა, მზარდი ინფლაციით:

„2021 წელს საქართველომ ეკონომიკის შედარებით მძლავრი გამოცოცხლება განიცადა, მაგრამ ამას ერთოდა მაღალი ინფლაცია და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რომელიც საფრთხეს უქმნის ეკონომიკურ ზრდასა და ინკლუზიურობას“.

ინდექსის ამ ნაწილშია საუბარი ვაქცინაციის ნელ ტემპებზეც, რაც ერთ-ერთ მთავარ შიდა პრობლემად შეფასდა:

„პოლიტიკურ არასტაბილურობასა და სხვა ადგილობრივ პრობლემებთან ერთად, ვაქცინაციის დაგვიანებამ მოსახლეობის ნდობა შეამცირა როგორც ვაქცინაციის პროცესის, ასევე მთავრობის მიმართ. მას ასევე უარყოფითი გავლენა ჰქონდა ბიზნესგარემოზე და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

მმართველობის ამ მიმართულებით, ექსპერტები მიუთითებენ, რომ  გრძელვადიანი რეფორმირების დღის წესრიგია საჭირო:

საგარეო მმართველობა

საგარეო მმართველობა ინდექსის ის მიმართულებაა, რომელშიც საქართველო ყველაზე უკეთ გამოიყურება – ამ მიმართულებას 45 ქულა აქვს (შესაძლო 100-დან).

ინდექსის თანახმად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გამოწვევების წინაშეა:

„დემოკრატიასთან დაკავშირებით არსებულმა პრობლემებმა და შიდაპოლიტიკურმა კრიზისებმა უარყოფითად იმოქმედა საქართველოს ურთიერთობებზე ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და საფრთხე შეუქმნა საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს“.

ამიტომ, ისინი ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს სჭირდება, აღიდგინოს ნდობა, როგორც საიმედო და სტაბილურმა დემოკრატიამ, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში.

საგარეო საკითხებში გამოყოფილია 3+3 ფორმატიც, რომელიც, ინდექსის თანახმად, „ახალ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს“:

„საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და შიდაპოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგისთვის უმთავრეს საგარეო გამოწვევად რუსეთი რჩება. უფრო სისტემური მიდგომაა საჭირო რუსეთიდან მომავალი საფრთხეების, მათ შორის, დეზინფორმაციის და ჰიბრიდული ომის მიმართ. რუსეთის მონაწილეობით ახალმა რეგიონულმა ინიციატივებმა, როგორიცაა 3+3 ფორმატი, 2021 წელს კიდევ ერთი პოტენციური რეგიონული რისკი წარმოშვა საქართველოსთვის“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამავე ნაწილში ვკითხულობთ, რომ ექსპერტების გამოკითხვით ერთ-ერთ მთავარ რეგიონულ წარმატებად შეფასდა „საქართველოს დიპლომატია მთიანი ყარაბაღის ბოლო ომის მიმდინარეობის დროს და მისი დასრულების შემდეგ, მათ შორის, რთული ნეიტრალური ბალანსის შენარჩუნება ორ მეზობელ ქვეყანას შორის და ტყვეთა გაცვლაში მედიაცია“.

ამასთან, დადებითაც შეფასდა ახალი სამხედრო შეთანხმება აშშ-თან.

„მართალია, საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა და დემოკრატიასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა დასავლეთთან ურთიერთობები, მთლიანობაში, დააზარალა, მაგრამ აშშ-თან ახალი სამხედრო შეთანხმება 2021 წლის ერთ-ერთ იშვიათ წარმატებად და საგარეო მმართველობაში საქართველოს მნიშვნელოვან მიღწევად შეფასდა გამოკითხული ექსპერტების მიერ“, – წერენ ავტორები.

ინდექსი ასკვნის, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური წარმატება დამოკიდებულია დემოკრატიულ რეფორმებზე:

„ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა 2022 წლისთვის იქნება ქვეყნის დაზიანებული იმიჯის აღდგენა საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. ამის მისაღწევად აუცილებელია დემოკრატიული რეფორმების გაძლიერება და ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დაძლევა“, – მიიჩნევენ ავტორები.

ვრცლად ინდექსი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი