ახალი ამბები

რამდენ სამუშაო ადგილს შექმნით 2022 წელს? – დეპუტატის კითხვა ფინანსთა მინისტრს და პასუხი

15 დეკემბერი, 2021 • 1270
რამდენ სამუშაო ადგილს შექმნით 2022 წელს? – დეპუტატის კითხვა ფინანსთა მინისტრს და პასუხი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ვერ აკონკრეტებს, დაახლოებით რა რაოდენობის სამუშაო ადგილი შეიქმნება 2022 წელს. ამის შესახებ მას დღეს, 15 დეკემბერს, პარლამენტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჰკითხა.

„რამდენ სამუშაო ადგილს შექმნის თქვენ მიერ დახარჯული 20 მილიარდი მომავალ წელს“, – ჰკითხა ვაშაძემ ფინანსთა მინისტრს.

პასუხად მინისტრმა მომავალ წელს დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის პარამეტრები ჩამოუთვალა და აღნიშნა, რომ  სწორედ ეს ნავარაუდევი ეკონომიკური ზრდა არის გარანტი, რომ დამატებით სამუშაო ადგილები შეიქმნება.

„თქვენ ითხოვთ კონკრეტული რიცხვის დასახელებას. მე მგონი, ნათლად გითხარით, რას უზრუნველყოფს წარმოდგენილი ბიუჯეტი. წარმოდგენილი ბიუჯეტი უზრუნველყოფს იმას, რომ მომდევნო წელს ეკონომიკური ზრდა იქნება 6% ქვეყანაში. იმ მოცემულობით, რომ ქვეყანა მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც ვალის დონეს მთლიან ეკონომიკასთან მიმართებაში და ეს არის დაახლოებით 10%-იანი შემცირება, 60%-ზე მეტი იყო და ჩამოდის 51%-მდე და დეფიციტის დონე 9.2% იყო და ჩამოდის 4.2%-მდე.

ამ მოცემულობით, როდესაც წელს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მომავალ წელს დაგეგმილია 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილია 5.5% ეკონომიკური ზრდა 2022-2025 წლებში. ეს არის ის პარამეტრები, რაც უზრუნველყოფს მომდევნო წელს უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნას.

ბუნებრივია, როდესაც საუბრობთ 20 მილიარდზე, ამაში არის ძალიან ბევრი თანხა, რომელიც ეკონომიკის ზრდას უშუალოდ არ უკავშირდება. ბუნებრივია, ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენ ნავარაუდები გვაქვს მომდევნო წელს, არის გარანტი იმისა, რომ დამატებით შეიქმნება სამუშაო ადგილები“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი