ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოში მოშიმშილე ოპოზიციონერის მხარდამჭერ აქციაზე გამოსულები დააკავეს

15 დეკემბერი, 2021 • 1308
ბაქოში მოშიმშილე ოპოზიციონერის მხარდამჭერ აქციაზე გამოსულები დააკავეს

აქცია ლოზუნგებით “თავისუფლება სალეჰ რუსტამლის” და “ნუ მოკლავ, გაათავისუფლე” , რომელიც დღეს, 15 დეკემბერს, ბაქოში მოშიმშილე პატიმრის, სალეჰ რუსტამლის მხარდასაჭერად გაიმართა, პოლიციამ დაშალა.

“კავკაზსკი უზელი” ავრცელებს ვიდეომასალას, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია ბაქოში აქციის მონაწილეებს. გამოცემის ცნობითვე, დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.

აქციის დაანონსების შემდეგ, ქვეყნის შინაგან აქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა მოქალაქეები, არ გაემართათ არასანქცირებული აქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ზომები იქნებოდა მიღებული.

პოლიციის მიერ დაკავებულებს შორის არიან სალეჰ რუსტამლის და – ეგიანა რუსტამოვა, დემოკრატიული ძალების ნაციონალური საბჭოს წევრი ტოფიგ იაგუბლუ და მისი შვილი, ასევე, აქტივისტები ნიგარ ჰაზი და მათანათ ისმაილი.

აზერბაიჯანში გიადაბეის რაიონის ყოფილი ხელმძღვანელი, ქვეყნის ყველაზე მრავალრიცხოვანი და ორგანიზებული ოპოზიციური ძალის, “სახალხო ფრონტის” ორ წევრთან ერთად, ორი წლის წინ დააპატიმრეს.

რაიონის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალდებები წაუყენეს რამდენიმე მუხლით [მათ შორის “უკანონო მეწარმეობის”, რაც აზერბაიჯანში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული აქტივისტების მიმართ ხშირად გამოიყენება].

სასამართლომ სალეჰ რუსტამლის 7 წელი და 3 თვე პატიმრობა მიუსაჯა. სწორედ ეს გახდა შიმშილობის გამოცხადების მიზეზი, რადგანაც პატიმარი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ციხიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

რუსტამლი მე-40-ე დღეა შიმშილობს, 13 დეკემბრიდან მშრალ შიმშილობაზე გადავიდა.

აზერბაიჯანის ხელისუფლება უკანასკნელი წლების განმავლობაში რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, უფლებამდამცველებსა და ჟურნალისტებს სხვადასხვა, მათ შორის, ყველაზე ხშირად, ნარკოტიკების მოხმარების ან გადასახადების დამალვის ბრალდებით აკავებს და ასამართლებს. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია, რასაც ასევე მოწმობს საერთაშორისო ანგარიშები.

მასალების გადაბეჭდვის წესი