საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნატოს წევრობა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროა.
“ალიანსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მკაფიო ხედვის შესამუშავებლად. გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გაგვაჩნია და აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ მოკავშირეებთან, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება მომზადდეს ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდებოდა. მაშინ ეს ძალიან ძლიერი გზავნილი იყო და დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას. სწორედ ამიტომ, გულდასმით ვშრომობთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების პრაქტიკულ რეალიზაციაზე”, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევის სუვერენული უფლება ყველა სახელმწიფოს გააჩნია.
“ეს გადაწყვეტილება ის ქვაკუთხედია, რომელსაც ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ეფუძნება. გვჯერა, რომ ამ არჩევანის წარმატებული განხორციელება ისევე აქტუალურია ნატოსთვის, როგორც საქართველოსთვის”, — თქვა მან.
ის მიესალმა ნატოს აქტიურობის შავი ზღვის რეგიონში და ნატოს გადაწყვეტილებას სტრატეგიული კონცეფციის განახლებასთან დაკავშირებით.
“საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გვჯერა, რომ დადგა ჩვენი ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დრო. ეს იქნება მკაფიო გზავნილი ყველა ასპირანტი ქვეყნისთვის, რომ მიზანდასახულობას, ერთგულებას და დაუღალავ შრომას რეალური შედეგები მოაქვს. ეს იქნება ძლიერი გზავნილი, რომლის ექოც ფართოდ გადასწვდება მთელს რეგიონს და ყველა დარწმუნდება, რომ ნატო აქ არის და უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე”, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




