ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელებას ქორწილებს უკავშირებენ

13 დეკემბერი, 2021 •
აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელებას ქორწილებს უკავშირებენ

აფხაზეთში, განსაკუთებით კი ტყვარჩელისა და ოჩამჩიერეს რაიონებში, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კვლავ გაუარესდა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა ედუარდ ბუტბამ აფხაზეთის ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, საავადმყოფოებში კორონავირუსით დაინფიცირებული მოქალაქეები ოჯახებით ხვდებიან.

ბუტბა აცხადებს, რომ შემზღუდავი რეგულაციების მიუხედავად, ადამიანები მაინც აწყობენ ისეთ მასობრივ ღონისძიებებს, როგორიცაა ხალხმრავალი ქორწილები და სამგლოვიარო შეკრებები.

“ჩვენი ექიმები, რომლებიც “წითელ ზონაში” მუშაობენ, ფანჯარაში გახედვისას საქორწინო კორტეჟებს ხედავენ. პაციენტები ამბობენ, რომ ქორწილში დაპატიჟეს და რომ არ მისულიყვნენ, სირცხვილი იქნებოდა”, – ამბობს ბუტბა.

იმავეს ამბობენ თავად ექიმები.

“ყველა ქორწილს დაავადების აფეთქება მოსდევს. ბევრი ახალგაზრდაც ხვდება ჰოსპიტალში, რომელიც უკვე მერე იაზრებს დაავადების სიმძიმეს”,- ამბობს გაგრის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი ინდირა არსალია.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე, ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთში 539 ადამიანი covid-ით გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი