მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, აქვს საერთო სისუსტე და უჭირს სიარული. ამასთან, მისი განცხადებით, სააკაშვილს ჯანმრთელობის ახალი პრობლემები გამოუვლინდა. ამის შესახებ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
“პრეზიდენტის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, გრძელდება საერთო სისუსტე, ასევე ავღნიშნავდი დისბალანსს, სიარულის პრობლემები აქვს. ამას დაემატა რამდენიმე ახალი რაღაც, პირველ რიგში, ეს არის კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რომელც ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარდა. უნდა დავაკვირდეთ, რა უნდა ვქნათ. მეორე, ეს არის ნეიროდეფიციტი. ჩემი აზრით, ნეიროდეფიციტი გამოხატულია და რაც შეიძლება სწრაფად საჭიროებს კორეგირებას. ასევე გამოკვეთილია ანემია, რომელიც ადრე არ ჰქონდა. ანემიის ნიშნები ჰქონდა შიმშილობისას, შემდეგ ეს გამოსწორდა და ახლა ისევ დაიწყო”, – განმარტა ყიფშიძემ.
მისი შეფასებით, სააკაშვილის მკურნალობა “ბოლომდე ადეკვატური არ არის იმის, რაც მას სჭირდება”. კერძოდ, ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმის განცხადებით, ეს შეეხება დიაგნოსიტაკასა და პრეპარატებს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი იღებს:
“პრეპარატებში უნდა მოხდეს კორეგირება, რადგან, შეიძლება, ერთი კვირის წინ ერთი პრეპარატი უნდა მიეღო, შემდეგ უნდა მიეღო სხვები… ასე, რომ ჩვენ ვფიქრობთ, საჭიროა თერაპიის კორეგირება, ახალი მედიკამენტების დამატება”, – განაცხადა ყიფშიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც ის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა.
შიმშილობის 49 დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.